გასულ კვირას ეროვნულმა ბანკმა აგვისტოს თვის ფულადი გზავნილების მონაცემები გაასაჯაროვა. ანგარიშის თანახმად, გასულ თვეს უცხოეთიდან საქართველოში $287.0 მლნ-ი გადმოირიცა,რაც 14.1%-ით ნაკლებია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე. საგარეო შემოდინებების ტენდენციებს BMGTV-ს გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში Galt&Taggart-ის ეკონომისტი, ლაშა ქავთარაძე, აფასებს.
“2023 წლის 8 თვის მონაცემებს თუ 2022 წლის ანალოგიურ პერიოდს შევადარებთ, გაუმჯობესება 145 მილიონის ფარგლებშია, დეფიციტი უფრო ნაკლებია, ვიდრე წინა წლის პერიოდში - აქ იგულისხმება როგორც სავაჭრო ბალანსი, ასევე წმინდა ფულადი გზავნილები და წმინდა ტურისტული შემოსავლები”, - აცხადებს ლაშა ქავთარაძე.
სებ-ის მონაცემებით, აგვისტოს თვეში რუსეთიდან საქართველოში $60.3 მლნ-ი გადმირიცხა, რითაც რუსეთმა ფულადი გზავნილების მოცულობით კვლავ პირველი ადგილი დაიკავა.
“რუსეთიდან აგვისტოში ფულადი გადმორიცხვები 45.6%-ით შემცირებულია და მთლიან გადმორიცხვებში მისი წილი 21%-ია, რაც დაბალი მაჩვენებელია, თუ შევადარებთ 2019 წლის აგვისტოს მონაცემებს. შემსუბუქება გაგრძელდება, თუმცა მაინც მაღალ დონეზე ნარჩუნდება ჩარიცხვები წელს.
ეს დანაკლისი, რაც აგვისტოში იქნა რუსეთიდან, დაკომპენსირებული იყო სხვა ქვეყნებიდან, ევროკავშირიდან, აშშ-დან, ისრაელიდან…” - ამბობს ლაშა ქავთარაძე.
Galt&Taggart-ის პროგნოზით, ამ ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების რაოდენობა კვლავ გაიზრდება, რაც, საბოლოოდ, წლიურ ჭრილში გზავნილების მოცულობას 4.1 მლრდ-ზე მეტად გაზრდის.
“ ფულადი გზავნილების ზრდის ტემპებით, რომლებიც ორნიშნაა, განსაკუთრებით ამერიკიდან და ევროკავშირიდან, ევროკავშირის წილი გზავნილებში 30%-ს მიუახლოვდა და გადაცდება კიდეც მას. ამჟამად 3 მლრდ-მდეა ფულადი გზავნილები. ჩვენი პროგნოზია, რომ წელს 4.1 მილიარდს გადააჭარბებს,” - აცხადებს ლაშა ქავთარაძე.
ცნობისთვის, აშშ-დან აგვისტოში ფულადი გზავნილები 37.6%-ით გაიზარდა და 40.2 მლნ დოლარი შეადგინა, რითაც ფულად გზავნილებში აშშ, რუსეთისა და იტალიის შემდეგ, მესამე ადგილს იკავებს.