მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წლის ბოლოს დოლარის კურსი 2.60-2.65 ლარის ფარგლებშია მოსალოდნელი - TBC Capital

ფული

თიბისი კაპიტალის შეფასებით, 2026 წლის ბოლოს საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი კვლავ 2.60-2.65 ლარის ფარგლებში იქნება. საინვესტიციო ბანკის მიხედვით, პროგნოზი უცვლელია, თუმცა მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები უფრო მეტად გამყარებული ლარის სცენარისკენ იხრება.

„ამ ფონზე, ჩვენი შეფასებით, ლარი ჯერ კიდევ წონასწორულ ნიშნულზე სუსტი რჩება - როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან ჭრილში. ამ ეტაპზე, ლარის გაცვლითი კურსის პროგნოზი უცვლელია: წლის ბოლოს ერთი დოლარი 2.60-2.65 ლარის ფარგლებშია მოსალოდნელი. თუმცა, როგორც წინა მიმოხილვაშიც იყო მითითებული, მიმდინარე ტენდენციები უფრო ძლიერი ლარის სცენარისკენ იხრება“, - აღნიშნავს თიბისი კაპიტალი.

საინვესტიციო ბანკის შეფასებით, ლარის გამყარების მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი უცხოური ვალუტის მზარდი წმინდა შემოდინებებია. ივლისში ეს მაჩვენებელი დამატებით გაიზარდა, ხოლო 2026 წლის პირველ შვიდ თვეში სავაჭრო დეფიციტი მშპ-ის 26.4%-მდე შემცირდა, მაშინ როდესაც 2025 წელს ის 30.1% იყო. თიბისი კაპიტალი აღნიშნავს, რომ სავაჭრო დეფიციტის შემცირება მკვეთრად გაზრდილმა საქონლის ექსპორტმა და იმპორტის კვლავ ზომიერმა დინამიკამ განაპირობა.

„მეორე კვარტალში, თიბისი კაპიტალის შეფასებით, კიდევ უფრო გაუმჯობესდა სეზონურად შესწორებული მიმდინარე ანგარიშის ბალანსი რეინვესტიციების გამორიცხვით, რომელმაც 2026 წლის პირველ კვარტალში პროფიციტი დააფიქსირა, დადებითი დინამიკა კი მესამე კვარტალშიც გრძელდება“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

ამასთან, ლარის კურსზე გავლენას ახდენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვები. თიბისი კაპიტალის მოლოდინით, ძლიერი სავალუტო შემოდინებების პარალელურად, სებ-ის მხრიდან უცხოური ვალუტის შესყიდვები გაგრძელდება.

„სებ-ის მონაცემებით, ივლისის ბოლოს საერთაშორისო რეზერვები საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) რეზერვების შესაბამისობის ნორმის (ARA) 118.7%-ს შეადგენდა, რაც 2011 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ივლისში სავალუტო შესყიდვებმა 488 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, წლის პირველ შვიდ თვეში კი შესყიდვები 2.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს“, - წერს თიბისი კაპიტალი.

საინვესტიციო ბანკის შეფასებით, სავალუტო რეზერვების დაგროვება საქართველოს საგარეო ბუფერების გაძლიერებას უწყობს ხელს და ის საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის სტაბილურიდან პოზიტიურამდე გადახედვის ერთ-ერთი საფუძველიც გახდა.

„სააგენტოს შეფასებით, საგარეო ბუფერების შემდგომი გაძლიერება სამომავლოდ, შესაძლოა, რეიტინგის გაზრდის ერთ-ერთი წინაპირობა გახდეს“, - აღნიშნავს თიბისი კაპიტალი.

ამავე დროს, ლარის კურსის პროგნოზზე რისკებს ქმნის საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე არსებული ვითარება. თიბისი კაპიტალის შეფასებით, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის განახლებული ესკალაციის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე, ძირითადად, ინფლაციის მიმართულებით აისახება და არა ეკონომიკურ ზრდაზე.

„ბრენტის ტიპის ნავთობის ფასმა სამი სექტემბრისთვის 97 აშშ დოლარს მიაღწია, რაც ივლისის შემდგომ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გარდა ამისა, განვითარებულ ეკონომიკებში მკვეთრად გაიზარდა განსაკუთრებით გრძელვადიანი ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთები, რასაც ნავთობის გაძვირებით გამოწვეული ინფლაციური რისკები და ცენტრალური ბანკების მიერ პოლიტიკის გამკაცრების მოლოდინები განაპირობებს“, - წერს თიბისი კაპიტალი.

საინვესტიციო ბანკის შეფასებით, ეს გარემოება მიუთითებს, რომ ბაზრები მიმდინარე შოკს უკვე ნაკლებად აღიქვამენ მოკლევადიან მოვლენად, რაც ე.წ. მეორე რიგის ეფექტების რისკს ზრდის. ნავთობის ფასების მატება კი საქართველოს შემთხვევაში, პირველ რიგში, ინფლაციაზე ახდენს გავლენას და შესაბამისად, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის უფრო მკაცრი პოზიციის საჭიროებაც გაზარდოს.

მიუხედავად ამისა, ეკონომიკური აქტივობის მხრივ თიბისი კაპიტალი შედარებით ძლიერ დინამიკას ხედავს. წინასწარი შეფასებით, ივლისში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 8%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარი 7.4%-იან ზრდას ითვალისწინებდა. იანვარ-ივლისში საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.9% იყო.

„ამავე დროს, მთლიანი და არარეზიდენტთა უნაღდო ხარჯები - რომლებიც, შესაბამისად, ეკონომიკური აქტივობისა და ტურიზმიდან შემოსავლების პროგნოზისთვის გამოიყენება - აგვისტოში კვლავ აჩქარებულია, განსაკუთრებით არარეზიდენტების შემთხვევაში, რაც თანხვედრაშია საქართველოს აეროპორტებში საჰაერო მიმოსვლის მზარდ დინამიკასთანაც“, - აღნიშნავს თიბისი კაპიტალი.

რაც შეეხება ინფლაციას, აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 5.6% შეადგინა. თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარი დეკემბრისთვის ინფლაციის 6%-იან ნიშნულს ითვალისწინებს. ამასთან, საინვესტიციო ბანკის მიხედვით, მომდევნო თვეებში ინფლაცია შესაძლოა მცირედ შემცირდეს, თუმცა წლის ბოლოს საბაზო ეფექტი კვლავ საპირისპირო მიმართულებით იმოქმედებს.

„საბაზო სცენარი წლის დარჩენილ პერიოდში ნავთობის გარკვეულწილად გაიაფებას მოიაზრებს. იმ შემთხვევაში, თუ ფასები უცვლელი დარჩება ან გაძვირდება, ინფლაციის პროგნოზი, შესაძლოა, დამატებით გაიზარდოს. მეორე მხრივ, თუ ბირჟებზე ფასები მკვეთრად შემცირდა - ივნისის მსგავსად - შემცირდება ინფლაციური ზეწოლაც“, - ნათქვამია შეფასებაში.

თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 9 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8.25%-ზე შეინარჩუნებს. თუმცა, საინვესტიციო ბანკის შეფასებით, წინა სხდომასთან შედარებით, პოლიტიკის გამკაცრების არგუმენტები გაძლიერებულია.

„საბაზო სცენარი წლის დარჩენილ პერიოდში მნიშვნელოვან დიზინფლაციას არ ითვალისწინებს, უცხოური საპროცენტო განაკვეთების ზრდა კი ადგილობრივ და უცხოურ განაკვეთებს შორის დიფერენციალს ამცირებს“, - წერს თიბისი კაპიტალი.

ამასთან, თიბისი კაპიტალი აღნიშნავს, რომ ინფლაციის ზრდა ამ ეტაპზე დიდწილად რამდენიმე კონკრეტულ პროდუქტზე მოდის, მაშინ როდესაც უფრო ხისტი ინფლაციური მაჩვენებლები შედარებით ზომიერ წნეხზე მიუთითებს. თუმცა, გლობალური სასაქონლო ბაზრების შემთხვევაში ვითარება შეიძლება შეიცვალოს.

„მეორე მხრივ, გლობალურად იზრდება ე.წ. მეორე რიგის ეფექტების რისკი, ეს ფაქტორი კი მაისში სებ-მა პოლიტიკის გამკაცრების ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად დაასახელა. როგორც თიბისი კაპიტალი ივლისის მიმოხილვაში მიუთითებდა, საერთაშორისო ბაზრებზე ინფლაციური წნეხის გაძლიერების შემთხვევაში, გამორიცხული არც 8.5%-მდე დამატებითი ზრდაა. მიმდინარე ესკალაცია, შესაძლოა, სწორედ ასეთი შემთხვევა იყოს“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები