9 თვეში ფოთის საზღვაო ნავსადგურმა 406,588 ერთეული კონტეინერი გადაამუშავა, მათ შორის 134 000 მესამე კვარტალში. როგორც ქვეყნის უმსხვილეს პორტში განმარტავენ, გასულ რეკორდულ წელთან შედარებით, კონტეინერების გადამუშავების კუთხით მცირე კლებაა, თუმცა პარალელურად სხვა ტვირთის ნაწილშია ზრდა, მათ შორის, თითქმის გასამმაგდა საბორნე მიმოსვლა.
კონტეინერების დამუშავების მაჩვენებელი ფოთის საზღვაო ნავსადგურში
- ივლისი - 51 841 TEU კონტეინერი
- აგვისტო - 41 661 TEU კონტეინერი
- სექტემბერი - 40 908 TEU კონტეინერი
2024 წლის 9 თვე - 406,588 TEU კონტეინერი
„კონტეინერების დამუშავების 9 თვის მონაცემები რომ შევადაროთ 2023 წლის 9 თვეს 10-11%-ით ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ კლებაა იმ მაქსიმუმთან, რომელიც გასულ წელს დაფიქსირდა და არარეალური ზრდა იყო. თუ 2022 წლის 9 თვის მონაცემს შევხედავთ, დავინახავთ, რომ 60%-ით არის გაზრდილი კონტეინერების მომსახურების მაჩვენებელი. შესაძლოა, კონტეინერების ნაწილში იყოს წლის ჭრილში კლება, მაგრამ მეორეს მხრივ სხვა ტვირთმა მოიმატა. მაგალითად, თუ შევხედავთ პირდაპირ საბორნე მიმოსვლას ევროპასთან, 9 თვის მონაცემებით ტვირთი 2.7-ჯერ არის გაზრდილი. გენერალურ ტვირთებშიც სექტემბერში საკმაოდ კარგი მაჩვენებლები გვაქვს და მთლიანობაში, ველით, რომ წლის ბოლოს ტვირთბრუნვის მხრივ მატება გვექნება“, - ამბობს „საქმის კურსთან“ ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის დირექტორი ზვიად ჩხარტიშვილი.
მისი თქმით, ამ დროისათვის ფოთის საზღვაო ნავსადგურის მაქსიმალური გამტარუნარიანობა 550 ათასი TEU კონტეინერია, თუმცა გასულ წელს რეკორდული მოთხოვნის ფონზე 593 000 TEU კონტეინერის დამუშავება მოხდა. „ფაქტობრივად, ჩვენ შესაძლებლობაზე მეტი შევძელით“, - აღნიშნავს ზვიად ჩხარტიშვილი. მისი თქმით, 9 თვის შედეგებიც აჩვენებს, რომ კონტეინერების დამუშავების კუთხით დასახული მიზანი გადალახულია.
APM Terminals Poti-ს მონაცემებით, სექტემბერში ნავსადგურში გენერალური ტვირთი გაეზარდა. კერძოდ, თუ აგვისტოში გენერალური ტვირთის რაოდენობა 16 709 ტონა იყო, სექტემბერში 19 459 ტონა დამუშავდა. 2024 წლიდან დღემდე კი, ნავსადგური 156 312 ტონა გენერალურ ტვირთს მოემსახურა. თითქმის 3-ჯერ არის გაზრდილი საბორნე ტვირთები. პორტის ადმინისტრაციის ცნობით, მხოლოდ სექტემბერში საბორნე გზით 16 275 ტონის გატარება მოხდა
საბორნე ტვირთბრუნვა 2024 წლის მესამე კვარტალში
- ივლისი - 4 883 ტონა ტვირთი
აგვისტო - 7 193 ტონა ტვირთი
სექტემბერი - 16 275 ტვირთი
2024 წლის 9 თვეში, APM Terminals Poti-მა ჯამში 236 საკონტეინერო გემი მიიღო და დაამუშავა 58 511 მანქანა: 2024 წლიდან დღემდე, ივლისში ყველაზე მეტი 7800 ავტომანქანა დამუშავდა.