ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სოციალური ქსელის, Truth Social-ის აქციები NASDAQ-ის ტექნოლოგიურ ბირჟაზე დაილისტა, რის შემდეგაც, პოლიტიკოსის ქონების შეფასებამ რეკორდულად იმატა და 7 მილიარდ 160 მილიონი დოლარი შეადგინა. გამოდის, რომ წლის დასაწყისიდან, დონალდ ტრამპის ქონებამ 630 მილიონი დოლარით იმატა, ერთი წლის ჭრილში კი, ზრდის მაჩვენებელი ოთხ მილიარდ დოლარს, ანუ 130%-ს აღემატება, რაც ფანტასტიკური შედეგია ნებისმიერი ბიზნესმენისთვის, მით უფრო პოლიტიკოსისთვის, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო რბოლაში არის ჩართული.
ვაჭრობის პირველ დღეს, საფონდო ბირჟაზე მკვეთრი ვოლატილობა დაფიქსირდა. მართალია, ბირჟის დახურვის დროს, Truth Social-ის აქციები $57.99-ად ივაჭრებოდა, ანუ ფინანსური ინსტრუმენტის საბაზრო კაპიტალიზაციამ $8 მილიარდი შეადგინა, მაგრამ დღის განმავლობაში, სოციალური ქსელის აქციები $79.38-დაც ივაჭრებოდა, ანუ კომპანიას ინვესტორები $10 მილიარდად აფასებდნენ. აღნიშნული შეფასება, სულ მცირე, საინტერესოა, რადგან დონალდ ტრამპის სოციალური ქსელი წაგებიანი ბიზნესია - ოპერირების პირველ ცხრა თვეში, Truth Social-მა $3.4 მილიონის შემოსავალი მიიღო, მაგრამ $10.6-მილიონიან წაგებაზე გავიდა.
მაშ, რამ განაპირობა დონალდ ტრამპის სოციალური ქსელის შეფასების ასეთი მკვეთრი აღმასვლა? პასუხი, რომელიც ამ კითხვის სანაცვლოდ შეიძლება გაგვიჩნდეს, სწორედ დონალდ ტრამპს და მის საჯარო პერსონას უკავშირდება. დონალდ ტრამპი, როგორც იცით, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს და, ობიექტურები თუ ვიქნებით, მოგების მაღალი შანსიც აქვს, ანუ მისი კომპანიის საჯარო შეფასებაში, დიდწილად, მისი ინვესტორებისა და ამომრჩევლების სენტიმენტები არის ასახული.
თუმცა არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რომელიც იმ SPAC-კომპანიას უკავშირდება, რომლის დახმარებით Truth Social-ი საფონდო ბირჟაზე აღმოჩნდა. ამ კომპანიას, რომელსაც Digital World Acquisition Corporation-ი ჰქვია ე.წ. “მიმი აქციის” სტატუსი აქვს, რადგან ნიშნავს, რომ მისი ვოლატილობა - ძალიან მაღალია, ფუნდამენტური რეპუტაცია კი, არც ისე. ასეთი ტიპის კომპანიების აქციებს კიდევ ერთი თავისებურება გამოარჩევს - ისინი განსაკუთრებით მოწყვლადნი არიან სოციალურ მედიაში გავრცელებული პოსტების მიმართ, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მიმართულებით. ამ ყველაფრის ფონზე, მას შემდეგ, რაც რამდენიმე წლის წინ, Digital World-სა და დონალდ ტრამპის სოციალურ მედია იმპერიას შორის შერწყმის გარიგება გასაჯაროვდა, კომპანიის აქციების ღირებულებამ 600%-ით იმატა.
ახლა კი, ისმის ორი კითხვა - რატომ შექმნა დონალდ ტრამპმა სოციალური ქსელი? ამ კითხვაზე პასუხი რომ გავცეთ, 2021 წელს უნდა დავბრუნდეთ, როცა დონალდ ტრამპის მიერ სოციალური მედიის საშუალებით მხარდაჭერილი რადიკალი რესპუბლიკელების ნაწილი კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა. მას შემდეგ, Facebook-მა, Twitter-მა და YouTube-მა დონალდ ტრამპს ანგარიშები დაუბლოკეს, ანუ ადამიანი, რომელიც პრეზიდენტად, სწორედ სოციალური მედიის დამსახურებით აირჩიეს, ინფორმაციის გავრცელების მთავარი წყაროს გარეშე დარჩა. საპასუხოდ, დონალდ ტრამპმა საკუთარი სოციალური ქსელის შექმნა გადაწყვიტა, რომლის მიზანი "ტექნოლოგიური გიგანტების ტირანიის” დასრულება და სიმართლის დაუფარავად გაჟღერება უნდა ყოფილიყო. თუმცა მოხდა ისე, რომ Twitter-ი ილონ მასკმა შეიძინა და ყოფილ პრეზიდენტს ანგარიში დაუბრუნა; ასე მოიქცნენ სხვა სოციალური ქსელებიც და შესაბამისად, ტრამპის პლატფორმამ, გარკვეულწილად, აზრი დაკარგა და მისი მხარდამჭერების ციფრული შეკრების ადგილად იქცა.
ისე კი, სოციალური გავლენა ამ დიდი პაზლის მხოლოდ ერთი ნაწილია, რადგან აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ფინანსური მოტივებიც ამოძრავებს და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის თანხა, რომელიც დონალდ ტრამპმა Truth Social-ის IPO-ს შედეგად მოიზიდა, სწორედ მისი მიმდინარე ვალდებულებების გადასაფარად იქნება გამოყენებული. პირველ რიგში, წინასაარჩევნო კამპანია უნდა ვახსენოთ - მართალია, მოზიდული $99.4 მილიონით, რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის დონალდ ტრამპი დონაციებით პირველ ადგილს იკავებს, მაგრამ ის მაინც მნიშვნელოვნად ჩამორჩება ქვეყნის ამჟამინდელ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რომელმაც, ამ დრომდე, თითქმის $127 მილიონის შემოწირულება მიიღო.
თუმცა არჩევნებთან ერთად, დონალდ ტრამპს, ბოლო დროს, კიდევ ერთი სადარდებელი გაუჩნდა, რომელიც მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო დავებს უკავშირდება. რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს $464 მილიონი დოლარის მოცულობის გირაო უნდა გადაეხადა, მაგრამ სასამართლომ მას ეს თანხა $175 მილიონამდე შეუმცირა. დონალდ ტრამპი, ცხადია, მილიარდერია, მაგრამ $175 მილიონი დოლარი, თანაც ნაღდი ფულით, ძალიან დიდი თანხაა, რომლის მოკლე დროში მობილიზება საკმაოდ რთულია.
შეჯამების სახით კი ის უნდა ვთქვათ, რომ ჯერჯერობით უცნობია შეძლებს თუ არა დონალდ ტრამპი მისი დანახარჯების მომსახურებას უშუალოდ Truth Social-ის აქციების გაყიდვით, რადგან, როგორც Truth Social-სა და Digital World-ს შორის, 2021 წელს გაფორმებულ სადამფუძნებლო დოკუმენტში წერია, ყოფილი პრეზიდენტი საკუთარი აქციების გაყიდვას საფონდო ბირჟაზე დალისტვიდან ექვსი თვის განმავლობაში ვერ შეძლებს. აღნიშნული გარიგება, ცხადია, ნებისმიერ დროს შეიძლება შეცვლილიყო, მაგრამ მიუხედავად იმისა, მოხდა თუ არა ეს, დონალდ ტრამპს ყოველთვის შეუძლია, საბანკო ვალდებულებები აიღოს, რომლებიც მისი გაძვირებული აქტივებით იქნება უზრუნველყოფილი.