ჩინეთის მთავრობის ინფორმაციით, ბუნებრივი სტიქიები, წყალდიდობა, გვალვა და ჰაერის ექსტრემალური ტემპერატურა ქვეყნის ბიუჯეტს 93.16 მილიარდი იუანი, დაახლოებით, 13 მილიარდი დოლარი დაუჯდა. სტიქიური მოვლენებით ჩინეთის 33 მილიონი მოქალაქე დაზარალდა.
ასეთ მოვლენებს შორისაა დიდთოვლობა, ძლიერი მიწისძვრები, მათ შორის, ქვეყნის ჩრდილოდასავლეთ რეგიონში მომხდარი 7.1 მაგნიტუდის, მეწყერი და წყალმოვარდნა ქვეყნის სამხრეთ პროვინციებში და ა.შ.
33 მილიონ დაზარალებულს შორის, დაიღუპა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა 322 ადამიანი, 856 ათასს მოქალაქეს განსახლება მოუწიათ, განადგურდა 23 ათასი სახლი და 3.17 მილიონი ჰექტარი ნარგავები.
Reuters-ის ინფორმაციით, 2024 წლის I ნახევრის შედეგები მცირედით განსხვავდება გასული წლის ანალოგიური პერიოდისგან, როდესაც ბუნებრივმა სტიქიებმა 48.76 მილიონი ადამიანი დააზარალა და 95 მოქალაქე იმსხვერპლა.
გარდა ადამიანური დანაკარგისა, ბუნებრივი მოვლენების გავლენა ეკონომიკაზე წელს გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე 2023 წლის პირველ 6 თვეში. მაშინ ჩინეთში სტიქიით მიყენებული ზარალის მოცულობა 38.23 მილიარდ იუანს აღწევდა, რაც წლევანდელ ხარჯებს თითქმის 55 მილიარდი იუანით აღემატება.
ჩინეთში ექსტრემალური ამინდი და ჰაერის რეკორდულ ტემპერატურამდე ზრდა უფრო და უფრო გახშირდა ბოლო წლებში. გაზრდილია უხვნალექიანობის შემთხვევებიც, რაც ადასტურებს, რომ ქვეყანაზე კლიმატის ცვლილებების გავლენა უკვე შეიმჩნევა.
Reuters-ი იტყობინება, რომ სტიქიის მართვის ფონდში 2024 წელს უკვე მობილიზებულია 4.17 მილიარდი იუანი.