2024 წლის პირველ ნახევარში ბათუმში ბინების გაყიდვები წლიურად 17%-ით შემცირდა და ზღვისპირა ქალაქში ჯამში 6,915 ბინა გაიყიდა. ამის შესახებ Colliers Georgia-ს მიერ Recov.ge-ზე განახლებული საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვიდან ვიგებთ.
ამ პერიოდში ბათუმში 350 მლნ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც გასულ წელთან შედარებით 11%-ით მეტია.
ზღვისპირა ქალაქში იანვარ-ივნისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 5%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,082 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 4%-ით, 966 აშშ დოლარამდეა გაზრდილი.
მხოლოდ ივნისში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ივნისთან შედარებით 19%-ით, 1,105 ერთეულამდე შემცირდა, ბაზრის ზომამ კი 13%-ით იკლო და 56 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ბათუმში 2024 წლის ივნისში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 21%-ით შემცირდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 5%-იანი კლება დაფიქსირდა.
ბათუმში 2024 წლის ივნისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 4%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,098 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 2%-ით, კვ.მ.-ზე 1,037 აშშ დოლარამდე გაიზარდა.