წელს საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია შემცირდა. სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, 2025 წლის 8 თვეში 9.3 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგია იწარმოვა ქვეყანაში, რაც 2024 წელთან შედარებით 9%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
როგორც “საქმის კურსის” ეთერში ET SYNERGY-ის დამფუძნებელმა საკითხის შეფასებისას განაცხადა, გენერაციის შემცირება შედარებით ცუდი ჰიდროლოგიური პირობებითაა განპირობებული.
მერაბ ლომინაძის თქმით, ამ ფაქტორს ემატება ის გარემოებაც, რომ ახლად აშენებული სადგურები რეზერვუარიანი არაა, შესაბამისად, მათ შორის გაზაფხულის პერიოდში ჰესების ნაწილის წყლის დაღვრა მოუწია.
ლომინაძის მოლოდინით, წლის ჭრილში ჯამურად გენერაცია დაახლოებით 7-9%-ის ფარგლებში იქნება შემცირებული.
“წლევანდელი წელი ნამდვილად არ გამოირჩევა ჰიდროლოგიის თვალსაზრისით და ვერ ვიტყოდით, რომ სახარბიელო მონაცემები გვაქვს. საქართველოში მთელი გენერირებული ელექტროენერგიის 75% მოდის ჰიდრო ელექტროსადგურებზე, რომელიც მეტწილად გარდა ენგურჰესისა და ვარდნილისა, დამოკიდებული არის იმ ჰიდროლოგიაზე, ანუ რამდენი ნალექი მოვა, რა სიუხვით და რა პერიოდში.
იქიდან გამომდინარე, რომ არც ერთი ახლად აშენებული სადგური არ არის გათვალისწინებული და გათვლილი იმაზე, რომ დაიგროვოს წყალი და ელექტროენერგია ქსელს მიაწოდოს მაშინ, როდესაც ეს ყველაზე უფრო მეტად არის საჭირო. ამიტომ არის ხოლმე, რომ ჩვენ სახეზე გვაქვს ისეთი ვითარება, როდესაც ნალექი გვაქვს, მაგრამ გვიწევს ამ წყლის დაღვრა.
მე მგონია, რომ ამ ნიშნულს შევინარჩუნებთ წლის ბოლომდე და დაახლოებით 7-დან 9%-მდე [შემცირდება გენერაცია წლიურ ჭრილში]”, - განაცხადა მერაბ ლომინაძემ.



























