მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წმინდა სავალუტო შემოდინებები რეკორდულად მაღალ დონეზეა - თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

მთავარი ეკონომისტი
23.07.24 11:33
1041

"თიბისი კაპიტალის" მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეული განახლების მიხედვით, ივნისის სავალუტო შემოდინებების მშპ-თან ფარდობის მაჩვენებელი რეკორდულად მაღალ დონეზეა.

"მკვეთრად გაიზარდა ტრადიციული ტურიზმი, ასევე გაუმჯობესდა სავაჭრო ბალანსი და ანალიტიკურ შეფასებებზე დაყრდნობით, ასევე მზარდია გზავნილებიც. მიგრაციის ეფექტი კი, როგორც ჩანს დაახლოებით იმავე ნიშნულზეა. თიბისის ოპერატიულ მონაცემებზე დაყრდნობით, სავალუტო შემოდინებები და ზოგადად ეკონომიკური აქტივობა ივლისშიც მაღალია. თავისთავად, აღნიშნული ლარის გაცვლით კურსზეც აისახა ისევე, როგორც ე.წ. სენტიმენტების მიმდინარე შეფასება და საერთაშორისო მასშტაბით აშშ დოლარის გარკვეული დასუსტება.

საპროგნოზო პარამეტრების კუთხით, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მაკროეკონომიკური გარემო ძლიერია. ამასთან, ბუნებრივია სენტიმენტების ცვლილებაც მნიშვნელოვანია და ხშირად რთულად პროგნოზირებადი. თუმცა იმის თქმა დანამდვილებით შეიძლება, რომ თუ არსებობს მოლოდინები არჩევნების შემდეგ ლარის კურსის გაუფასურების თაობაზე, ეს გაცვლით კურსზე მნიშვნელოვნად უფრო ადრე უნდა აისახოს. აღნიშნულის საილუსტრაციოდ ისევ და ისევ, ბოლო წლებში ლარის სეზონურობა გამოდგება. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ სავალუტო შემოდინებები კვლავ სეზონურია, გაცვლითი კურსის სეზონურობა უკვე ნაკლებად შეინიშნება. მთლიანობაში, სხვადასხვა ფაქტორის ერთობლიობით, ვინარჩუნებთ დიდწილად ნეიტრალურ საბაზო სცენარს", - ნათქვამია "თიბისი კაპიტალის" მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები