განახლება: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური bm.ge-ს დაუკავშირდა და მასალის დაკორექტირება სთხოვა. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე რედაქციამ განკარგულების აღების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, საჯარო მონაცემებზე [სემეკის და გაზპრომის ანგარიშები] დაყრდნობით ის, რომ საქართველო რუსულ ბუნებრივ აირში 1000 კუბურ მეტრში 185 დოლარს იხდიდა, BMG-მ 2024 წელს საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით დაწერა.
საქართველოს მიერ Gazprom-ისგან შესასყიდი ბუნებრივი აირის ღირებულების თაობაზე განკარგულების შესახებ თავდაპირველად "ფორმულას" გადაცემა "ნამდვილი ამბავი ელისო ჯარიაშვილთან ერთად" სატელევიზიო ანონსიდან გახდა ცნობილი.
მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდიდან აღებულია პრემიერ-მინისტრის 2025 წლის 25 დეკემბრის N2212 განკარგულება რომელიც საქართველოს მიერ Gazprom-ისგან შესასყიდ ბუნებრივი აირის ღირებულებას შეეხება. აღნიშნული განკარგულება საჯაროდ იქამდე გამოქვეყნდა, ვიდრე ექსპერტებმა და მედიამ შენიშნეს, რომ გასაჯაროებული იყო დოკუმენტის დანართიც, რომელიც განკარგულების თანახმად კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენდა.
დოკუმენტში განსაზღვრულია Gazprom-ისგან შესასყიდი ბუნებრივი აირის ფასი. კონტრაქტის მხარე არის "გაზპრომ ექსპორტი" და "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია". თავის მხრივ "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია" ამ ბუნებრივ აირს "სოკარ ჯორჯია გაზზე" ყიდის, რომელიც ქვეყნის უმსხვილესი გაზგამანაწილებელი კომპანიაა.
საქართველო რუსულ ბუნებრივ აირში 1000 კუბურ მეტრში 185 დოლარს იხდიდა ამის შესახებ BMG-იმ 2024 წელსაც დაწერა, რაც 2023 წელს რუსეთიდან შესყიდული ბუნებრივი აირის მოცულობის 596 მილიონი კუბური მეტრის შესყიდვის ღირებულებაზე ($110 მლნ) გაყოფით იყო მიღებული. თუმცა უშუალოდ მთავრობის მხრიდან აღნიშნული ინფორმაცია არ გასაჯაროებულა. 2024 წელს კი საქართველომ რუსეთიდან გაზის იმპორტი 788 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზარდა, შესყიდული გაზის ღირებულება კი 145.7 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც 1000 კუბურ მეტრზე ასევე 185 დოლარს შეადგენდა.
ჯერჯერობით 2025 წლის ბუნებრივი აირის 12 თვის სტატისტიკა ცნობილი არაა, თუმცა 11 თვის მდგომარეობით საქართველომ რუსეთიდან 123 მილიონი დოლარის ღირებულების ბუნებრივი აირი შეისყიდა.




























