საქართველოში რუსეთიდან გაზის იმპორტი წელსაც გაიზარდა. სემეკის მიერ BMG-ისთვის მიწოდებული ინფორმაციით, წელს 9 თვეში რუსეთიდან 488 მლნ მ³ გაზი შემოვიდა, რაშიც ქვეყანამ 93 მლნ დოლარზე მეტი გადაიხადა. ეს ნიშნავს, რომ 1000 მ³ გაზში დაახლოებით 191 დოლარია გადახდილი.
2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რუსეთიდან გაზის იმპორტი თითქმის 7%-ით არის გაზრდილი. ამასთან, 2023 წელს 1000 მ³ გაზში დაახლოებით 185 დოლარი იყო გადახდილი.
რუსეთიდან იმპორტირებული გაზის მოცულობა:
- 2023 წელი - 596 მლნ მ³
- 2022 წელი - 520 მლნ მ³
- 2021 წელი - 397 მლნ მ³
- 2020 წელი - 204 მლნ მ³
რუსეთთან საქართველოს ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენი აკავშირებს, საიდანაც სომხეთი რუსულ გაზს იღებს. ეს გაზსადენი სომხეთისთვის გაზის მიღების მთავარი წყაროა. გატარების სანაცვლოდ, საქართველო ბუნებრივ აირს იღებდა [გატარებული გაზის 10%-ს], თუმცა შემდეგ ხელშეკრულების პირობები შეიცვალა და „გაზპრომ ექსპორტმა“ ფულის გადახდა დაიწყო. რუსულ სახელმწიფო კომპანიასთან ხელშეკრულება კომერციული საიდუმლოს საბაბით არ საჯაროვდება, შესაბამისად, პირობები უცნობია. რუსეთიდან გაზის იმპორტი 2019 წლიდან იზრდება და შარშან გაზის მოცულობამ 596 მლნ მ3-ს მიაღწია.