მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წონის კლების მედიკამენტების შეწყვეტიდან ორ წელზე ნაკლებ დროში, წონისა და ჯანმრთელობის პრობლემები ბრუნდება - კვლევა

წონის კლების პრეპარატი

მასშტაბურმა კვლევამ აჩვენა, რომ როდესაც პაციენტები წონის კლების მედიკამენტების მიღებას წყვეტენ, წამლების დადებითი ეფექტი, წონასა და ჯანმრთელობის სხვა მაჩვენებლებზე, ორ წელზე ნაკლებ დროში ქრება - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

37 კვლევის ფარგლებში 9 341 ჭარბწონიანი ან სიმსუქნის მქონე პაციენტთა - რომლებიც 18 სხვადასხვა მედიკამენტით მკურნალობდნენ - მონაცემების შესწავლით დადგინდა, რომ წამლის შეწყვეტის შემდეგ ისინი თვეში საშუალოდ 0.4 კგ-ს იმატებდნენ. პროგნოზის მიხედვით, პაციენტები მკურნალობამდე არსებულ წონას დაახლოებით 1.7 წელიწადში უბრუნდებიან.

აღსანიშნავია, რომ კვლევის თანახმად, ხილითა და ბოსტნეულით მდიდარი კვების რაციონი დაავადების რისკებს ბევრ მედიკამენტზე უფრო ეფექტიანად ამცირებს.

The BMJ-ში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მედიკამენტების შეწყვეტიდან საშუალოდ 1.4 წელიწადში მკურნალობამდე არსებულ ნიშნულს უბრუნდება გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობის ისეთი რისკფაქტორებიც (მაგალითად, არტერიული წნევა და ქოლესტერინის დონე), რომლებზეც წამლებმა დადებითად იმოქმედა.

პაციენტების დაახლოებით ნახევარი GLP-1 ჯგუფის მედიკამენტებს იღებდა. მათ შორის იყო 1 776 პირი, რომლებიც მკურნალობდნენ ახალი, უფრო ეფექტიანი პრეპარატებით: სემაგლუტიდით (ცნობილი როგორც Ozempic და Wegovy, მწარმოებელი Novo Nordisk) და ტირზეპატიდით (Mounjaro და Zepbound, მწარმოებელი Eli Lilly).

სემაგლუტიდისა და ტირზეპატიდის შემთხვევაში, წონის მატების ტემპი უფრო სწრაფი აღმოჩნდა და თვეში საშუალოდ 0.8 კგ შეადგინა.

"თუმცა, ვინაიდან სემაგლუტიდისა და ტირზეპატიდის მომხმარებლები თავდაპირველად უფრო მეტ წონას იკლებენ, საბოლოო ჯამში, ისინი საწყის მაჩვენებელს დაახლოებით იმავე დროში უბრუნდებიან", - განაცხადა ოქსფორდის უნივერსიტეტის უფროსმა მკვლევარმა, დიმიტრიოს კუტუკიდასმა. ახალი თაობის მედიკამენტების შემთხვევაში ეს პერიოდი დაახლოებით 1.5 წელია, ნებისმიერი სხვა წამლის შეწყვეტისას კი - 1.7 წელი.

მკვლევრებმა ასევე დაადგინეს, რომ დაკლებული კილოგრამების რაოდენობის მიუხედავად, მედიკამენტების შეწყვეტის შემდეგ წონის ყოველთვიური მატება უფრო სწრაფია, ვიდრე წონის მართვის ქცევითი პროგრამების დასრულების შემდეგ.

რეტროსპექტიულმა კვლევამ ვერ დაადგინა, პაციენტების რომელ კატეგორიას აქვს წონის შენარჩუნების უფრო მაღალი ალბათობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები