ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ამბობს, რომ საქართველოში სასამართლოში საქმეების განხილვები დროში იწელება, მაგრამ ბიზნესმა სასამართლოთი არ უნდა იაროს. ამის შესახებ მან BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა, რომელიც ქვეყანაში ინვესტორების მოზიდვისას არსებულ გამოწვევებს ეხებოდა.
ლაშა პაპაშვილი ქვეყანაში ბიზნესის განვითარებისთვის სასამართლო სისტემას გამოწვევად არ აფასებს და საუდის არაბეთიდან ინვესტორების მოზიდვისას ერთადერთ სირთულედ მენტალიტეტს ასახელებს. თუმცა ამ შემთხვევაში საუდელების დასავლური გამოცდილება და ქართული კანონმდებლობის ევროპულ მოთხოვნებთან შესაბამისობა კარგი თანამშრომლობის შესაძლებლობას იძლევა.
„არ ვფიქრობ, რომ თქვენ მიერ დასახელებული მიმართულებებში რაიმე საფრთხე იყოს. ასეთი გამოწვევა მხოლოდ ერთადერთია - ურთიერთგაგება, მენტალიტეტი - რამდენად შევიმუშავებთ ერთობლივად ამ ნაბიჯებს. ვფიქრობ, მათ დიდი გამოცდილება აქვთ დასავლურ ქვეყნებთან მუშაობის და ჩვენი კანონმდებლობა აბსოლუტურ თანხვედრაშია ევროპულ - ფუნდამენტურ მოთხოვნებთან.
პირადად მე, სასამართლოს მიმართულებით პრობლემა არ მქონია, 35 წელია ქვეყანაში ვმუშაობ... ცოტა დროში იწელება სასამართლო, მაგრამ ღმერთმა დაგვიფაროს სასამართლოთი სიარული. მე ბიზნესმენი ვარ, მოსამართლე და იურისტი არ ვარ... მაშინ როცა ბანკში ვიყავი, ყველაზე მცირე სასამართლო დავა მქონდა... ვცდილობდით, რომ მოგველაპარაკა, თუ დავას იწყებ და სასამართლოში მიდიხარ, უკვე ხდები ადვოკატი“, - განაცხადა პაპაშვილმა.