ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2014-2017 წლების შესაბამისობის აუდიტის შედეგებში ასახულ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც 2021 წლის ბოლოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვების მართვის ანგარიშში აისახა, განმარტებას აკეთებს. თსუ ამბობს, რომ ანგარიშში მოყვანილი ფაქტები არამართებულად არის შეფასებული და დამატებით განმარტებებს საჭიროებს.
"რაც შეეხება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში მოყვანილ ფაქტებს, გვსურს განვმარტოთ, რომ სამუშაოების ნებართვების ღირებულების შემთხვევაში ფასები ფიქსირებულია და დადგენილია სსიპ − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ. შესაბამისად, შემსრულებელი კომპანიის მიერ (რომლის ვალდებულებაც მშენებლობასთან ერთად წარმოადგენდა შესაბამისი ნებართვების მოპოვებაც) გადახდილია (სხვანაირად ტექნიკურადაც გამორიცხულია) მხოლოდ დადგენილი საფასური.
მეორე სასწავლო კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეკომენდაციით განისაზღვრა ე.წ. Design-Build (DB) მეთოდით. აღნიშნული საკითხი დაფინანსების გამოყოფის ეტაპზე შეთანხმდა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის #289 დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხის შემსწავლელ უწყებათაშორის კომისიასთან. აღნიშნულ კონცეფციას აქვს დადებითი მხარეები. კერძოდ, DB მეთოდი (რომელიც მოქმედ კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაშია და ფართოდაა აპრობირებული) გულისხმობს ერთი კონტრაქტორის შერჩევას, რომელიც პასუხისმგებელი იქნება როგორც პროექტის შექმნაზე, ასევე სამუშაოების წარმოებაზე. პასუხისმგებლობა პროექტის ხარისხზე და პასუხისმგებლობა სამუშაოების სათანადოდ წარმართვაზე გადადის მხოლოდ ერთ პირზე. შესაბამისად, მცირდება სადაო საკითხები და პროექტში ცვლილებების შეტანის საჭიროება. DB მეთოდი შესაძლებლობას იძლევა შემჭიდროებულ ვადებში და ხარისხიანად განხორციელდეს მნიშვნელოვანი პროექტები.
მეორე კორპუსის რეაბილიტაციის მიზნით ჩატარდა ბაზრის კვლევა 100-ზე მეტ კომპანიასთან, სადაც დაფიქსირდა პროექტის მაქსიმალური ღირებულება 6,1 მლნ ლარი. ტენდერი გამოცხადდა უმცირეს ფასზე (იმ კომპანიის მიერ წარმოდგენილ უმცირესს ფასზე, რომელიც აკმაყოფილებდა შესაბამის მოთხოვნებს გამოცდილებასთან (ზოგადად შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების და მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მუშაობის გამოცდილებას) დაკავშირებით). ტენდერში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომპანიამ და საბოლოოდ ხელშეკრულება გაფორმდა უმცირესი ფასის მქონე კომპანიასთან 5,19 მლნ ლარზე, რითაც მიღებულია 1 მლნ. ლარზე მეტი ეკონომია.
უნივერსიტეტის მიერ შემსრულებლისთვის ნებისმიერი თანხის გადარიცხვა წარმოებდა მხოლოდ საქართველოში აკრედიტებული დამოუკიდებელი საექსპერტო ორგანოს და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე"-ნათქვამია განცხადებაში.




























