მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თსუ და ტექნიკური უნივერსიტეტი ერთიანდება - გივი მიქანაძე

თსუ

თსუ და ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება. ამის შესახებ განათლების სამინისტროს ცნობით, მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა. მისი თქმით, უნივერსიტეტის სახელი დარჩება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

„უმაღლესი განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყება ეფუძნება სიღრმისეულ ანალიზს, საერთაშორისო პრაქტიკას და ქვეყნის განვითარების გრძელვადიან ინტერესებს. ბოლო პერიოდში განხორციელდა სახელმწიფო უნივერსიტეტების აკადემიური პროგრამების, კვლევითი მიმართულებებისა და ინფრასტრუქტურის შედარებითი ანალიზი. ამ პროცესისა და რექტორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ.

ეს იქნება საწინდარი, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდება რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებს საერთაშორისო რეიტინგებს,“ – აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით, მინისტრის ბრძანებით შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო „საბჭო“ და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც რეორგანიზაციის პროცესის წარმართვას უზრუნველყოფენ.

"კონცეფციით ჩვენ დავაანონსეთ "ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტის პრინციპი", რომელიც დუბლირებული ფაკულტეტების გარკვეულ კონცენტრირებას გულისხმობს. ჩვენ ვნახეთ, რომ ამ ორ წამყვან სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს მსგავსი მიმართულებები. ჩვენი მიზანია, რომ საკადრო რესურსი და მატერიალურ ტექნიკური ბაზები უფრო კოორდინირებული და კონცენტრირებული გავხადოთ, რაც საშუალებას მოგვცემს პირველ რიგში, ხარისხი გავზარდოთ, ასევე მაქსიმალურად კოორდინირებულად წარვმართოთ სასწავლო პროცესი და რაც მთავარია, მთელი ეს პროცესი უზრუნველყოფდეს გაერთიანებული უნივერსიტეტის საქმიანობის წარმოჩენას როგორც ადგილობრივი, ასევე საერთშორისო დონეზე მისი რეიტინგების ზრდისა და იმიჯის შემდგომი ამაღლების თვალსაზრისით", - განაცხადა მიქანაძემ.

მინისტრის თქმით, უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, დამატებით შეიქმნება წამყვანი პროფესორის აკადემიური თანამდებობა და ამ თანამდებობაზე კონკურსის წესით შერჩეული პირები უზრუნველყოფენ სასწავლო და კვლევითი საქმიანობის სტრატეგიულ ხელმძღვანელობას, ხარისხის ზრდასა და ახალგაზრდა აკადემიური პერსონალის განვითარებას.

„ხაზგასასმელია, რომ მიმდინარე რეფორმის ფარგლებში არ იგეგმება აკადემიური კადრების შემცირება. მაქსიმალურად შევინარჩუნებთ აკადემიურ პერსონალს – გავწევთ ძალისხმევას, რომ მათი გამოცდილება და ცოდნა გამოყენებული იყოს როგორც სასწავლო კომპონენტში, ასევე კვლევით და სამეცნიერო საქმიანობაში. მივიღეთ არსებული ადგილების შენარჩუნების გადაწყვეტილება და არ ვამცირებთ სტუდენტთა ჩარიცხვის კვოტებს.

ჩვენი მიზანია, განათლების სისტემაში გამჭვირვალედ, საზოგადოების ჩართულობით, განხორციელდეს ფუნდამენტური რეფორმები. ამის დადასტურებაა მიზნობრივ ჯგუფებთან, პირდაპირი კომუნიკაციის გზით, რეფორმით გათვალისწინებული საკითხების განხილვა, რასაც ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ,“ – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები