ქალაქ თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაღში, ფილოლოგ, ირანული ფილოლოგიის კათედრის დამფუძნებელ იუსტინე აბულაძის არქიტექტურულ - მხატვრული კომპოზიციის (ბიუსტის) განთავსებისთვის თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 42 100 ლარია გათვალისწინებული - ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი შესაბამისი განკარგულება, საქართველოს მთავრობამ 14 ივნისს გამოსცა.
დოკუმენტის მიხედვით თსუ-ის ბაღში იუსტინე აბულაძის ბიუსტის განთავსებასთან დაკავშირებული მომსახურებისთვის, საქართველოს მთავრობა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას უფლებას აძლევს, გამარტივებულ შესყიდვა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამტკიცებული ბიუჯეტის პროგრამით გათვალისწინებული ასიგნებებიდან გამოაცხადოს.
“სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის 10 მუხლის მე-3 პუნქტის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიეცეს უფლება, განახორციელოს ქალაქ თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაღში (პანთეონში) იუსტინე აბულაძის არქიტექტორულ-მხატვრული კომპოზიციის (ბიუსტის) განთავსებასთან დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 42100 ლარის ფარგლებში, “ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 15 დეკემბრის N38-89 დადგენილებით დამტკიცებული ბიუჯეტის პროგრამით - “ღონისძიებების უზრუნველყოფა” - გათვალისწინებული ასიგნებებიდან”, - ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში.
კიდევ ერთი განკარგულების თანახმად, ამავე პროექტისთვის, იუსტინე აბულაძის ბიუსტის განთავსებასთან დაკავშირებული სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან 9 500 ლარით დაფინანსდება.
შესაბამისად, ჯამში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონში იუსტინე აბულაძის არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 51 600 ლარი გამოიყოფა.