მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თსუ-ის პირველ კორპუსთან ღამის თევის შემდეგ პროტესტი გრძელდება

თსუ
18.11.24 10:33
401

ვაკეში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ღამის თევის შემდეგ პროტესტი გრძელდება.

ჭავჭავაძის და მელიქიშვილის გამზირებისა და ვარაზისხევის და კეკელიძის ქუჩის გზაჯვარედინზე სატრანსპორტო მოძრაობა გუშინ შეწყდა. ადგილზე გაშლილია 20-ზე მეტი კარავი. გადაადგილება ამ დრომდე შეფერხებულია. პროტესტის მონაწილეები, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.

ღამის თევის შემდეგ ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა პროტესტის მონაწილეებს მიმართეს.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების დაანონსებული 24-საათიანი აქცია 18 ნოემბრის 20:00 საათამდე გაგრძელდება და ადგილზე ოპოზიციის ლიდერები რჩებიან. როგორც ნიკა გვარამიამ დღეს აქციის მონაწილეებს მიმართა, ლიდერები პერიოდულად შეიცვლებიან, თუმცა ადგილზე რჩებიან.

„მეგობრებო, წუხანდელი ღამე შედგა, როგორც პროტესტის ერთ-ერთი, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ღამე ბოლო წლების ისტორიაში. დიდი მადლობა ამისთვის. არ არის მარტივი ღამის სთევა ამ სიცივეში. ჩვენ გვჭირდება რაღაცნაირად ერთმანეთის შეცვლა, რომ არ დავიღალოთ. წინ ხანგრძლივი და დაუღალავი ბრძოლაა. ბრძოლა იმისთვის, რომ დავიბრუნოთ ჩვენი სამშობლო. ბრძოლა იმისთვის, რასაც ჩვენ ამდენი წელი, ამდენი საუკუნეა დაუღალავად ვაკეთებთ. ჩვენ მივდივართ ევროპაში, ამიტომ ჯერ მოვიდეთ აქ, ერთმანეთს დავეხმაროთ. ძალიან დიდი მადლობა ყველას, რომ მოიტანეს თბილი სასმელები, საჭმელი. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მაინც ერთად დგომა და ერთმანეთის გამხნევებაა. გელოდებით აქ. შევიცვლებით. ლიდერები აქ ვიქნებით, ზოგიერთი წავა, ზოგი მოვა, მაგრამ ყოველთვის აქ ვიქნებით და რაც მთავარია, ჩვენ მეგობრებო, არ უნდა დავიშალოთ“, - განაცხადა გვარამიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები