მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თსუ-ს კორპუსებში კვების ობიექტების მოწყობაზე აუქციონი გამოცხადდა

6454dd0848c1a
სალომე ხიდურელი
05.05.23 14:45
975
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2, მე-5, მე-6, მე-10 (მაღლივი) და მე-11 (განივი) კორპუსებში კვების ობიექტების მოწყობაზე აუქციონი გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ თსუ-ის ადმინისტრაცია მათ Facebook გვერდზე ავრცელებს.

„კვების ობიექტებში, რომელიც მოეწყობა თსუ-ს კორპუსებში, სტუდენტები შეღავათიანი ფასებით ისარგებლებენ.

აუქციონის პირობების თანახმად, კვების ობიექტების ყოველდღიურ მენიუში წარმოდგენილი იქნება არანაკლებ 8 სახეობის პროდუქცია, რომელიც სტუდენტებში ყველაზე მოთხოვნადია. ამ პროდუქციის ჩამონათვალი თავად სტუდენტებმა შეარჩიეს. მათგან ყოველდღიურად მინიმუმ 4 დასახელების პროდუქციაზე გავრცელდება არანაკლებ 25-პროცენტიანი ფასდაკლება“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ლაშა საღინაძის განცხადებით, თსუ-ის ადმინისტრაციამ აუქციონის პირობებში სპეციალური პუნქტი ჩადო, რომლის მიხედვითაც, თსუ სტუდენტებს კვების ობიექტებში დასაქმებაში ხელი შეეწყობათ. გარდა ამისა, მომავალში იგეგმება კვების ობიექტებში საბარათე სისტემის დანერგვა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი განცხადებაში კიდევ ერთ აუქციონს აანონსებს: „ამასთან, კიდევ ერთი აუქციონი გამოცხადდება - თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში გაიხსნება კვების ობიექტი, სადაც განთავსდება ლიტერატურული კაფე“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები