მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წუხელ ნალექებმა 2-ჯერ გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს 6 საათის განმავლობაში მოსულ ნალექებს - კალაძე

კახა კალაძე

„გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი მონაცემებით, წუხანდელი 3 საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობამ 2-ჯერზე მეტად გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს 6 საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობას და თბილისის მთელი ტერიტორია მოიცვა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა დღევანდელი მთავრობის სხდომის წინ ისაუბრა.

მისი თქმით, ქუჩების დატბორვა სანიაღვრე ცხაურებში მოხვედრილი ნაგვის შედეგად მოხდა, სანიაღვრე სისტემა კი გამართულად მუშაობდა.

„ძალიან ბევრი განცხადება მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს სანიაღვრე სისტემები არ მუშაობს დედაქალაქში. ზოგადად, მინდა გითხრათ, რომ, რა თქმა უნდა, მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემა არის და ამას პირველები ჩვენ ვამბობთ და შემთხვევითი არ არის, რომ სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაწარმოებთ, ყველგან ვცდილობთ, პირველი მიწისქვეშა კომუნიკაციები მოვაწესრიგოთ.

მე უბრალოდ მინდა გაჩვენოთ, რა პრობლემები იყო კონკრეტულ ლოკაციაზე, სადაც ვიმყოფებოდი, როგორ იყო სანიაღვრე ცხაურები ნაგვით დაფარული. ამ ყველაფრის ხელით გაწმენდა გვიწევდა, მაგრამ სანიაღვრე სისტემა მუშაობდა. როგორც კი წვიმამ გადაიღო, რამდენიმე წუთში ერთი გრამი წყალი აღარ იყო ასფალტის ზედაპირზე, მთლიანად დაცლილი იყო შეტბორილი არეალი“, - აცხადებს დედაქალაქის მერი.

29 აგვისტოს საღამოს მოსულმა ძლიერმა წვიმამ დედაქალაქის არაერთ უბანში მოქალაქეებისთვის პრობლემები შექმნა. წაიქცა ხეები, დაიტბორა ქუჩები, მიწისქვეშა გადასასვლელები, დაზიანდა კაბელები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები