„ყველა ქუჩისა და საცხოვრებელი კორპუსის პრობლემას მივხედავთ“, – უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის შესახებ, თბილისის მერმა კახა კალაძემ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა დედაქალაქის რამდენიმე რაიონი დააზარალა. განსაკუთრებით ზიანი მიადგა ვაკისა და საბურთალოს რაიონებში მდებარე ინფრასტრუქტურას. მათ შორის, დაზიანდა გოთუას ქუჩაზე არსებული კოლექტორი და გზის სავალი ნაწილი. ასევე, დილით ვრცელდებოდა მეტროსადგურ "სამედიცინო უნივერსიტეტის" ჩასასვლელის კადრები, სადაც წყალი ჩავიდა.
კახა კალაძე გოთუას ქუჩაზე მიმდინარე გაწმენდის და აღდგენის სამუშაოებს გაეცნო და აღნიშნა, რომ მერიის შესაბამისი სამსახური მობილიზებულია და ზარებზე რეაგირებს, ხოლო ყველა დაზარალებულ ქუჩასა და საცხოვრებელ კორპუსს დახმარება გაეწევა.
„უხვა ნალექმა დედაქალაქში პრობლემები შექმნა. კონკრეტულად გოთუას ქუჩაზე კი არსებული ცენტრალური სანიაღვრე სისტემა და მიმდებარე ტერიტორიაზე ასფალტის საფარი დაზიანდა. კოლექტორი სამშენებლო ნაგვით იყო სავსე და წყლის გატარება ვერ მოხდა. ცხადია, ყველაფერს მოვაწესრიგებთ.
ზოგადად, დღეს მოსულმა ნალექმა დედაქალაქში და განსაკუთრებით საბურთალოს რაიონში, სხვადასხვა ქუჩაზე შექმნა პრობლემები, მათ შორის, არის სადარბაზოებისა და სარდაფების დატბორვის ფაქტები. აბსოლუტურად ყველგან მივალთ. ყველა ქუჩისა და საცხოვრებელი კორპუსის პრობლემას მივხედავთ. ჩვენი მხრიდან რა დახმარებაც იქნება საჭირო, ყველა მოქალაქეს დავეხმარებით. ზარები შემოდის ცხელ ხაზზეც. მერიის ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია. ვაწარმოებთ, როგორც გაწმენდის, ასევე აღდგენის სამუშაოებს", - განაცხადა კალაძე.
ამ დროისთვის გოთუას ქუჩაზე, სადაც ცენტრალური სანიაღვრე სისტემა დაზიანდა, შპს „თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლები აწარმოებენ აღდგენის სამუშაოებს. საავტომობილო მოძრაობა უკვე ორმხრივად აღდგენილია.




























