ერთპარტიული პარლამენტის ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი ინიციატივით გამოდის, რომ ცილისწამება სისხლის სამართლის კოდექსში დაბრუნდეს და დამამძიმებელ გარემოებად შეფასდეს. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს განიხილავდნენ.
წულუკიანის თქმით, ცილისწამების მუხლი სისხლის სამართლის კოდექსიდან მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს ამოიღეს.
„ვარდების რევოლუციიდან მალევე, სააკაშვილმა სისხლის სამართლის კანონმდებლობიდან ცილისწამების ცნება გააქრო და ის დღესაც ამ სისტემის ნაწილი არ არის. ჩვენი კომისიის მუშაობისას გამოიკვეთა, რომ ცილისწამება მაშინაც გამოიყენებოდა ადამიანების დისკრედიტაციისა და სამაგალითო დევნისთვის“, — განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, საჭიროა ამ მიმართულებით დამატებითი რეგულაციები.
„ალბათ კარგი იქნება, თუ ვიფიქრებთ, რომ სისხლის სამართლის მატერიალურ კოდექსში ცილისწამება დამამძიმებელ გარემოებად მაინც იქნეს მიჩნეული. დღევანდელი სხდომა ისტორიულია, რადგან ცილისწამებისგან ადამიანი უკეთესად იქნება დაცული, თუნდაც სამოქალაქო წესით. სისხლის სამართლის მიმართულებით შემოთავაზებაა, მომავალში ვიმსჯელოთ“, — დასძინა მან.
წულუკიანის ინიციატივას, როგორც თავად თქვა, საკანონმდებლო სახე ჯერ არ აქვს. მისი შეთავაზების საპასუხოდ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ თუკი შესაბამისი მზაობა იქნება, საკითხს განიხილავენ.
უკვე არსებული კანონპროექტის მიხედვით, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონი ცვლიან ისე, რომ ცილისწამების დავის დროს მტკიცების ტვირთი მოპასუხეს დაეკისრება, ხოლო მოსარჩელეს — პიროვნულ ან რეპუტაციულ ზიანზე მტკიცებისას — აღარ მოუწევს თავის მართლება.
ცვლილებებით განსაზღვრული 100-დღიანი ხანდაზმულობის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს ცილისწამების საქმის სასამართლოში შეტანა შეუძლია, გავრცელდება იმ განცხადებებზეc, რომლებიც კანონმდებლობის ამოქმედებამდე გაკეთდა, თუმცა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა.
ასევე იგეგმება კანონის მეოთხე მუხლის გაუქმება, რომელიც აზრისა და მოწოდების თავისუფლებას ეხება. ცნობისთვის, ეს მუხლი აბსოლუტურ პრივილეგიას ანიჭებს აზრის გამოხატვას და მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს პასუხისმგებლობას, როცა მოწოდება აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს ქმნის.
მუხლის შესაძლო მანიპულაციური გამოყენების შესახებ სხდომაზე "ხალხის ძალის" დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ისაუბრა და აღნიშნა:
„ეს მუხლი აუცილებლად გამოყენებული იქნება. ეს რანაირად გამოვა?“
დავით მათიკაშვილმა კი უპასუხა, რომ აღნიშნული დათქმა კანონპროექტიდან ამოღებულია.
ცვლილებებს "ოცნების" პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.
განახლება:
„ქართული ოცნების“ დეპუტატის დავით მათიკაშვილის განცხადებით, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში აზრისა და მოწოდების თავისუფლების შესახებ მუხლი რჩება და მას არ ეხებიან.
როგორც მათიკაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, პროექტის მეორე მოსმენით განხილვის დროს „გარკვეულ ტექნიკურ უზუსტობას ჰქონდა ადგილი“.




























