პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თეა წულუკიანმა 2025 წლის ქონებრივი დეკლარაცია შეავსო. „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გასულ წელს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე 126 144 ლარის ხელფასი აიღო. ის ამ პოზიციაზე 2024 წლის ნოემბრიდან დაინიშნა.
თეა წულუკიანს შვილის სახელზე საქართველოს ბანკში ვადიანი ანაბარი აქვს გახსნილი, სადაც დეკლარაციის შევსების დროისთვის 32 682 ლარი განთავსებული.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ფლობს მესტიის სოფელ ზემო ლუჰაში 6000 კვ.მ.-ის და თბილისში, სოფელ დიღომში 1 900 კვ.მ.-ის ნაჩუქარ მიწის ნაკვეთებს. მისი შვილის სახელზე კი სამტრედიაში, სოფელ ტოლებში 1 182 კვ.მ.-ის ნაჩუქარი მიწის ნაკვეთია. თეა წულუკიანი სხვა სახის უძრავ თუ მოძრავ ქონებას დოკუმენტში მითითებული არ აქვს.
გასული წლის განმავლობაში პარლამენტის თავმჯდომარე 139 860 ლარიანი სესხს 30 696 ლარით მოემსახურა, ანუ ამდენი გასავალი ჰქონდა. მან გასავალში აღრიცხა ასევე სწავლის საფასური 11 938 ლარი.
შემოსავლის სახით კი ქვეყნის გარეთ მივლინებისთვის 3 871 ლარი მიიღო. შემოსავალში აქვს მითითებული მას 153 300 ლარი, რომელიც სამომხმარებლო სესხით აიღო და მითითებული თანხა მშობლის და მასთან მცხოვრები პირების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის გაასხვისა.




























