სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი მაღალმთიან აჭარაში, ზღვის დონიდან 2025-2330 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. კურორტი ბათუმიდან 109 კმ-ში, ხოლო თბილისიდან ზარზმის გავლით - 252 კმ-ში მდებარეობს.
მიუხედავად სამცხე-ჯავახეთიდან არსებული გზისა, ზამთარში ის ნამქერის გამო იკეტება და 15 კმ-იანი მონაკვეთის გავლა მხოლოდ თოვლის სატკეპნი მანქანით არის შესაძლებელი. რაც შეეხება გზას ბათუმიდან, მაღალი გამავლობის მანქანით მისი გავლა საშუალოდ 2,5-3 სთ-იან ვადაშია შესაძლებელი.
სწორედ საგზაო ინფრასტრუქტურა რჩება კურორტის ნომერ პირველ გამოწვევად. ადგილობრივი სასტუმრო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კურორტის ეკონომიკური სარგებლიანობის ზრდისთვის თბილისიდან მასთან მისასვლელი გზის გამარტივება უმთავრესი ამოცანაა.
სასტუმრო Goderdzi Twins Hotel დამფუძნებელი იმედოვნებს, რომ გზასთან ერთად დღის წესრიგში მოხვდება სათხილამურო ტრასების დამატებაც.
„აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ ტენდერი ჩაატარა, ისინი აფინანსებენ თოვლის სატკეპნი მანქანით გადაადგილებას კურორტზე, თუმცა დღეში მხოლოდ ერთხელ გადადის და გადმოდის. როცა გვინდა ფართო მასშტაბი, ცხადია ერთი გადასვლა ამინდს ვერ შექმნის. ვიმედოვნებთ რომ გრძელ ვადაში აუცილებლად მოხერხდება ცენტრალური გზის გაკეთება ან ნახევარ გვირაბებით, ან გვირაბებით რადგან ადგილი ქარიანია და ნამქერი კეტავს, გაწმენდა კი ამ პირობების გამო ვერ ხერხდება. არსებობს დაპირება, რომ დედაქალაქზე წვდომა გაიზრდება. თუ ეს გაკეთდება და იმედია გაკეთდება, კურორტი გოდერძი განსაკუთრებულ მასშტაბებს მიიღებს რადგან რაც მთავარია აქ არის კარგი ხარისხის თოვლი და სამთო კურორტისთვის საჭირო ყველა ბუნებრივი პირობა.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სათხილამურო ხაზების დამატება. მე რა ინფორმაციაც მაქვს, სატენდერო დოკუმენტაცია მომზადებულია საიმისოდ, რომ მწვანე ტბის მიმართულებით სათხილამურო მეორე ხაზი გაიხსნას, რაც წაადგება კურორტს,“ - განაცხადა „უძრავი ქონების პროსპექტთან“ საუბრისას სასტუმრ Goderdzi Twins Hotel-ის დამფუძნებელმა ბადრი ბოლქვაძემ.
რაც შეეხება მიმდინარე სეზონზე დატვირთულობას, სასტუმროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ წელს ტურისტების რიცხვი წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა, დატვირთვა საახალწლო პერიოდში ადგილობრივების მხრიდან ფიქსირდება, თუმცა მზარ ტენდენციას აჩვენებს ჯგუფური ტურები ევროპიდანაც.
„საახალწლო პერიოდში სხვა გადანაწილებაა რადგან ქართველები ისვენებენ და ჰაერზე ქეიფი კიდევ უფრო კარგია, შესაბამისად წლის ამ დროს ადგილობრივები ჭარბობენ. ზოგად ტენდენციას რაც შეეხება, 60% არის სლავური წარმოშობის საზოგადოება, 15-20% არის ცენტრალური ევროპა და მცირე ნაწილი ამერიკაც, 20% კი ადგილობრივი.
თუ იანვარში 80-85% იყო დატვირთვა, თებერვალი 50%-ია და მარტი 30%. ზამთარში სეზონი 3,5 თვეა, ზაფხულში ორი,“ - აღნიშნა ბოლქვაძემ.



























