მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ცვლილებები და რეგულაციები რომლებიც პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება

კალენდარი

დღეიდან, 2025 წლის 1-ელი ოქტომბრიდან რამდენიმე რეგულაცია/ცვლილება შედის ძალაში. კერძოდ:

1-ელი ოქტომბრიდან კერძო კომპანიებს ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი და რეალიზაცია ეკრძალებათ. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის, მათ შორის ფსიქოტროპული მედიკამენტების საბითუმო რეალიზაციას მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს.

სრულად ამოქმედდება კანონი "საერთაშორისო დაცვის შესახებ", რომლის მიზანიც უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა და თავშესაფრის პროცედურის ბოროტად სარგებლობის პრევენციაა. შედეგად, მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა. ასევე, იზრდება ჯარიმები იმ უცხოელებისათვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესები დაარღვიეს.

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2025 წლის 1-ელი ოქტომბრიდან CE, DE კატეგორიების და C1E, D1E ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდების პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება. ცვლილების მიხედვით, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპს კანდიდატი დახურულ მოედანზე ჩააბარებს, ხოლო გამოცდის მეორე ეტაპი რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საგამოცდო მარშრუტების შესაბამისად ჩატარდება.

ამოქმედდება ახალი ჯარიმა სანავიგაციო ნიშნების დაზიანებისთვის. კერძოდ, საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში განთავსებულ მცურავ სანავიგაციო ნიშნებზე, ასევე ხმელეთზე განლაგებულ სტაციონარულ სანავიგაციო ნიშნებზე უნებართვო ასვლა/შეღწევა, რამაც გამოიწვია ან შესაძლოა გამოეწვია მისი დაზიანება. ამ ქმედებისთვის ფიზიკური პირი 100 ლარით დაჯარიმდება, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში – 500 ლარით.

1-ელი ოქტომბრიდან შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის რეგისტრაცია და მართვის სერტიფიკატის აღება სავალდებულო ხდება. 2025 წლის 1-ელი აპრილიდან 1-ელ ოქტომბრამდე აღნიშნული ტრანსპორტის მფლობელებისთვის გარდამავალი პერიოდი იყო განსაზღვრული, რომლის განმავლობაშიც შეეძლოთ ნებაყოფლობით მიემართათ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისა და მძღოლის სერტიფიკატის მისაღებად. რეგულაციები შეეხება ყველა ტრანსპორტს, რომელიც გადაადგილდება ქვეყნის შიგნით, მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე და აწესრიგებს მგზავრთა გადაყვანასა და ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებულ საქმიანობას.

1 ოქტომბრიდან ზემო ლარსზე რუსეთის მხრიდან სატვირთო ავტოტრანსპორტის რიგის წინასწარ ელექტრონული დაჯავშნის სისტემა ამოქმედდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები