მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ცვლილებებს ყველგან ძალიან დიდი მოწონებით შეხვდნენ" - პაპუაშვილი ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონზე

მამუკა მდინარაძე შალვა პაპუაშვილი

„საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ 17 აპრილიდან მოყოლებული საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 10 შეხვედრა გამართა, 5 ათასამდე ადამიანს შევხვდით. მინდა გითხრათ, რომ ამ ცვლილებებს ყველგან ძალიან დიდი მოწონებით და მხარდაჭერით შეხვდნენ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს, ზაზა ვაშაყმაძეს და სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის სხდომის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობამ ერთი თვის წინ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტები დააინიცირა.

„კონსტიტუციური კანონის პროექტი თავისი მნიშვნელობით და ზოგადად, ის რაც კონსტიტუციაშია ყოველთვის ეხება ქვეყნის მოწყობის და საზოგადოების თანაცხოვრების პრინციპულ საკითხებს. ამიტომ, ამ პრინციპებში ნებისმიერი ცვლილება, დამატება და სიახლე ყოველთვის საჭიროებს განსაკუთრებულ დაფიქრებას. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს, რომ თუ პარლამენტი გადაწყვეტს რაიმე შეცვალოს ან დაამატოს კონსტიტუციაში, მიიღოს კონსტიტუციური კანონი, ვალდებულია ამ საკითხის პარლამენტში განხილვის დაწყებამდე შექმნას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია და ერთი თვის განმავლობაში ჰკითხოს საზოგადოებას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიას ხელმძღვანელობს.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში, საკონსტიტუციო ცვლილებების პარალელურად, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობა ჩვეულებრივი კანონების პაკეტს დააინიცირებს და მას მიმდინარე მოწვევის პარლამენტი აუცილებლად მიიღებს, რადგან საპარლამენტო უმრავლესობას ამისთვის საკმარისი კვორუმი აქვს.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, თუ კონსტიტუციაში ცვლილებას და კონსტიტუციურ კანონპროექტს ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს და ამის გამო ამ პროექტების მიღება ვერ მოხდება, მაშინ არჩევნების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობა პირველ საკითხად სწორედ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებს.

საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიამ მუშაობა დასრულა და მოსახლეობასთან შეხვედრის შედეგებს პარლამენტს წარუდგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები