წყალდიდობის გამო ნიუ იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. მედიის ინფორმაციით, დატბორილია გზატკეცილები და ქუჩები.
განსაკუთრებით რთული ვითარებაა მანჰეტენში, ბრუკლინსა და ქუინსში. წყალდიდობის გამო დახურულია ლაგუარდიას აეროპორტის ერთ-ერთი ტერმინალი.
შეფერხებით სრულდება ავიარეისები კენედის და ნევარკის საერთაშორისო აეროპორტებშიც. მეტროპოლიტენის ოთხ ხაზზე მატარებლების მოძრაობა შეჩერდა, კიდევ 12 ხაზზე მგზავრთა გადაადგილება ნაწილობრივ შეზღუდულია.
საგანგებო სამსახურები ნიუ იორკის მცხოვრებლებს მოუწოდებენ, მანქანით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ და სახიფათო ვითარებას მოერიდონ.
როგორც მედია წერს, ნიუ იორკში ერთ კვირაზე მეტია, გადაუღებლად წვიმს. სინოპტიკოსების ცნობით, მსგავსი რაოდენობის ნალექი ნიუ იორკში 1882 წლის შემდეგ არ მოსულა.