მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყალი D ვიტამინით - "ჰენკა კომბუჩას" ინოვაციური პროდუქტი მიმდინარე კვირაში ბაზარზე გამოჩნდება

წყალი

ჯანსაღი სასმელების მწარმოებელმა კომპანიამ „ჰენკა კომბუჩა" ახალი, ინოვაციური პროდუქტი, წყალი D ვიტამინით გამოუშვა, - ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა გიორგი ჯირკვალიძემ BM.GE-სთან განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მსოფლიოში გავრცელებულმა D ვიტამინის დეფიციტმა, კომპანიას ამ ინოვაციური პროდუქტის შექმნა გადააწყვეტინა და საქართველოში პირველად, პირველი ფუნქციური წყალი გამოუშვა, რომელიც მიმდინარე კვირაში ქსელურ მარკეტებში გამოჩნდება.

"მოგეხსენებათ, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს მასშტაბით, D ვიტამინის დეფიციტია. შესაბამისად, ყველაზე მარტივი და უებარი წყარო ამ ვიტამინის მისაღებად, არის წყალი. წყალი D ვიტამინით პირველი პირველი ფუნქციური წყალია საქართველოში. მისი წარმოება არ იყო მარტივი პროცესი, რადგან D ვიტამინი ბუნებრივი ფორმით წყალში ხსნადი არ გვხვდება. წყლის ბაზართან დიდი ხანია აქტიური კავშირი მაქვს და გერმანიაში, ერთ-ერთმა დიდმა კომპანიამ ამ ვიტამინის ასეთი ფორმით შექმნა შეძლო. გვინდოდა, რომ ყველაზე მტკივნეულ ნაწილთან ვყოფილიყავით ასოცირებული, რომ ბალანსი აღგვედგინა.

პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივად, ქსელურ მარკეტებში მიმდინარე კვირაში უნდა განხორციელდეს და მისი გასაყიდი ღირებულება, დაახლოებით 2,30 – 2,50 ლარამდე იქნება. პროდუქცია ორი გემოთი იქნება წარმოდგენილი. შედარებით მოტკბო, ალუბალი და კლასიკური, ლიმონ-ლაიმის გემოთი. შემიძლია ვთქვა, რომ იდენტურია ბუნებრივი გემოებისა, რადგან ის ნატურალური გემო დანამატებით მზადდება. 1 ბოთლი, დღიური D ვიტამინის დოზის, მხოლოდ 50%-ს შეიცავს. აღნიშნული ეტიკეტზევე იქნება დატანილი და მომხმარებელიც ბუნებრივია ინფორმირებული იქნება",-აცხადებს კომპანიის დირექტორი.

მისივე განმარტებით, კომპანიამ კვლევა ჩაატარა, რომლის საფუძველზეც იგეგმება, რომ პროდუქცია მუდმივ სარეალიზაციო პროდუქტად ჩამოყალიბდეს.

რაც შეეხება ექსპორტს, ჯირკვალიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ადგილობრივ ბაზარზე მათი ინოვაციური პროდუქტი გამოჩნდება, პარალელურად ექსპორტზე რუსეთში გავა, პირველ ეტაპზე 1 კონტეინერი და იქაც მოხდება მისი რეალიზაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები