მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წყალმომარაგების პრობლემების ერთბაშად მოგვარება ტარიფზე მოახდენს გავლენას - დავით ნარმანია

წყალმომარაგება

კომისიის აქტიური მუშაობის შედეგად, მოქალაქეებს მილიონ ლარზე მეტი არასწორად დარიცხული თანხა ჩამოეწერათ - ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს.

მისი განმარტებით, მომხმარებელთა მხრიდან მიმართვიანობის ძირითადი მიზეზი კომუნალური გადასახადების დარიცხვის სისწორე და მომსახურების ხარისხია.

„მომხმარებლები, როგორც წესი, კომისიას მომართავენ საჩივრით, როცა მათ ეჭვი ეპარებათ დარიცხვის სისწორეში ან ითხოვენ არასწორად და ზედმეტად დარიცხული დავალიანების ჩამოწერას. ასევე, როცა მათ აქვთ კომუნალური სერვისების მიწოდებასთან დაკავშირებული ხშირი წყვეტები. როგორც წესი, კომისია თავისი მანდატის ფარგლებში რეაგირებს და ჩვენ გვაქვს უფლებამოსილება, როცა ვხედავთ, რომ დარიცხვა არასწორია, ან ხანდაზმულია დავალიანება, ასეთ შემთხვევებში მომხმარებლებს, როგორც წესი, შესაბამის თანხებს ჩამოვაწერთ “, - ამბობს დავით ნარმანია.

მისივე თქმით, გასულ წელს უწყებამ ათასზე მეტი საჩივარი დაამუშავა.

“გასულ წელს 1.2 მილიონ ლარზე მეტი ასეთი ფორმით დარიცხული დავალიანება ჩამოეწერათ მომხმარებლებს. ათასზე მეტი განცხადება-საჩივარი მივიღეთ და დავამუშავეთ. თითოეულ მათგანზე მოხდა შესაბამისი რეაგირება“.

დავით ნარმანიას თქმით, მომსახურების წყვეტის მიმართულებით, პრობლემების დიდი ნაწილი მოძველებულ ინფრასტრუქტურას უკავშირდება. როგორც სემეკის თავმჯდომარე განმარტავს, კომისია მკაცრად აკონტროლებს კომპანიების საინვესტიციო გეგმებს, რათა ავარიული დაზიანებები მინიმუმამდე შემცირდეს.

„რაც შეეხება ავარიულ წყვეტებთან დაკავშირებულ საკითხებს, ჩვენ ცალკეულ შემთხვევებს ვსწავლობთ, ვუთითებთ კომპანიებს, რომ გაასწორონ ასეთი შემთხვევები. თუმცა, იქ, სადაც ხშირია ავარიები და მომდევნო პერიოდის საინვესტიციო გეგმებს ვამტკიცებთ კომისიაში, ამ გეგმების ფარგლებში, კონკრეტულ პროექტებს ვითვალისწინებთ, რათა საფუძვლიანად მოგვარდეს პრობლემა“, - აღნიშნა სემეკის თავმჯდომარემ.

მისივე განმარტებით, ყველაზე რთული მდგომარეობა წყალმომარაგების სექტორშია, სადაც სისტემების განახლებას დიდი დრო და რესურსი სჭირდება.

“წყალმომარაგების სექტორში ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდშია შექმნილი, ამიტომ დიდი პრობლემაა და ამ პრობლემების ერთბაშად მოგვარება შეუძლებელია, ვინაიდან ბევრი საინვესტიციო პროექტი და, იგივე ვთქვათ, დიდი საინვესტიციო პროექტი, მერე უკვე ტარიფზე ახდენს ზეწოლას და ტარიფზე ახდენს უშუალო გავლენას. ამიტომ კომისია ცდილობს, რომ აქაც ოქროს შუალედი, ოქროს ბალანსი დაიჭიროს, რათა ერთის მხრივ ტარიფები მნიშვნელოვნად არ გაიზარდოს და მეორეს მხრივ ეტაპობრივად გაუმჯობესდეს მომხმარებელთა სერვისი“, - ამბობს ნარმანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები