სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტთან დაკავშირებით სემეკმა რუმინეთის ელექტროენერგიის მარეგულირებელ კომისიასთან გაფორმდა მემორანდუმი. დავით ნარმანიას თქმით, პროექტის ფარგლებში ამჟამად შავი ზღვის შელფის შესწავლა მიმდინარეობს.
"ეს არის საკმაოდ სიცოცხლისუნარიანი და ძალიან მნიშვნელოვანი მომავლის მქონე, საუკუნის პროექტი. მე ამ საკითხზე ჩემს რუმინელ კოლეგასთან მქონდა დაახლოებით ერთი თვის წინ შეხვედრა, ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი, რომ თვითონ მარეგულირებელ კომისიებსაც ჰქონდეთ თანამშრომლობა ამ პროექტის ფარგლებში ერთობლივი რეგულირების საკითხებზე. მნიშვნელოვანია ის, რომ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დასრულებულია. მნიშვნელოვანია ის, რომ მიმდინარეობს ახლა უკვე შავი ზღვის შელფის დეტალური ტექნიკური კვლევა და ამის შემდეგ პროექტი გადავა შემდგომ ეტაპზე, ასე რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მიმდინარეობს ამ პროექტის რეალიზაციის სამუშაოები,"- განაცხადა დავით ნარმანიამ.
ცნობისთვის, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ითვალისწინებს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ქსელის მოწყობას, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები. კერძოდ, 1155 კილომეტრი სიგრძის კაბელი საქართველოდან შავი ზღვის გავლით რუმინეთს დაუკავშირდება. შავი ზღვის კაბელის შესახებ მემორანდუმი 2022 წლის 17 დეკემბერს გაფორმდა და მის ხელმომწერებს შორის არიან: საქართველო, აზერბაიჯანი, უნგრეთი და რუმინეთი.
პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა, რომელიც მიმდინარეობდა პროექტის პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობების და საუკეთესო გზების გამოსავლენად, საქართველოს ინიციატივით, 2022 წლის მაისში დაიწყო. ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, იტალიურმა ენერგეტიკულმა საკონსულტაციო კომპანია CESI-მა მოამზადა.




























