საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება წყალტუბოდან ახალციხემდე 500 კვ-იანი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობისთვის.
დოკუმენტის თანახმად, პროექტი ჩაითვალა აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებად, რის საფუძველზეც კომპანიას შეუძლია კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნაწილობრივი ჩამორთმევა.
ინიციატივა შეეხება წყალტუბოს, ქუთაისის, ვანის, ადიგენისა და ახალციხის ტერიტორიებს, სადაც დაგეგმილია 97 კმ სიგრძის ხაზის გაყვანა და 286 საყრდენის განთავსება. პროექტი ხორციელდება გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით „გადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამა III“-ის ფარგლებში. პროექტი kfW-ის მიერ 267 მილიონი ლარით ფინანსდება.
სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს ენერგოსისტემას, გაზრდის გამტარუნარიანობასა და საიმედოობას, შექმნის სარეზერვო ქსელს „ენგური-ზესტაფონი-ახალციხე“ მიმართულებით და შეუწყობს ხელს ტრანსსასაზღვრო ელექტროენერგიის ვაჭრობას.
ექსპროპრიაციის საკითხი უკავშირდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში მდებარე 4 791 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილს (414 კვ.მ), რომელიც რამდენიმე მოქალაქის თანასაკუთრებაშია. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ მესაკუთრეებს ნებაყოფლობითი გასხვისების შეთავაზება უკვე გაუგზავნა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა, რის გამოც გამოცხადდა ექსპროპრიაცია.
კანონის მიხედვით, ექსპროპრიაციის შემთხვევაში საკუთრების ჩამორთმევა შესაძლებელია მხოლოდ სამართლიანი და წინასწარი ანაზღაურების საფუძველზე. თუ მხარეები კომპენსაციის ოდენობაზე ვერ შეთანხმდებიან, დავა სასამართლოში გადაწყდება.




























