„მივიღე გადაწყვეტილება, პირადად ჩავუდგე სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს… მე გადავწყვიტე, გამოვისყიდო უკლებლივ ყველა - 22 სასტუმრო, 9 აბანო და მოვახდინო მათი სრული რეაბილიტაცია, კურორტის განვითარების ერთიანი გეგმისა და კონცეფციის ფარგლებში“, - ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ბიძინაშვილის 2019 წელს გაჟღერებულ საჯარო პირობას საქმე არ მოჰყოლია.
საქმე ის არის, რომ საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტ „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში, რომელიც 2022 წელს დაიწყო, ჯერჯერობით, სულ 5 სანატორიუმი გაიყიდა.
როგორც BMG-ის მიერ ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, პრივატიზებულ სანატორიუმებს შორისაა: „მედეა“, „უშიშროება“, „სამურგალი“, წყალტუბო“ და „თბილისი“.
აღსანიშნავია, რომ 5 პრივატიზებული სანატორიუმიდან, ერთი - სასტუმრო „მედეა“ მთავრობამ შარშან უკან დაიბრუნა, რადგან მყიდველმა ვალდებულება ვერ შეასრულა და ყოფილი მესაკუთრეს პირგასამტეხლოს სახით 852,048 ლარის გადახდა დაეკისრა. რატომ აღარ მოუნდა კერძო მესაკუთრეს სანატორიუმში ინვესტირება, ჩვენთვის უცნობია.
როგორც ცნობილია, “თბილისის” ტერიტორიაზე, წყალტუბოში სასტუმრო Hilton-ი შენდება - ინვესტიცია €18 მილიონია. სხვა სანატორიუმებზე ინფორმაცია ნაკლებად გვაქვს - საინვესტიციო ვალდებულებების შესასრულებლად მფლობელებისთვის მიცემულ დროს ვადა ჯერ არ გასვლია.
BMG-მ ქონების ეროვნულ სააგენტოს ასევე სთხოვა, მოეწოდებინა იმ სანატორიუმების სია, რომლის გაყიდვასაც ეკონომიკის სამინისტრო ცდილობს, მაგრამ ჯერჯერობით, პრივატიზაცია ვერ შეძლო.
ქონების ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ამჟამად, 10 სანატორიუმია მზად გასაყიდად ანუ ცნობილია ფასი და საინვესტიციო ვალდებულებები, ხოლო ერთის - სანატორიუმ „ცისკარისთვის“ კი საინვესტიციო პირობების შემუშავება მიმდინარეობს.

საპრივატიზაციო სანატორიუმებს შორისაა: სანატორიუმი „მეგობრობა“, რომლის საპრივატიზაციო ღირებულება ₾5.2 მილიონია, საინვესტიციო ვალდებულება - 16 მლნ ლარი. პირობაა მოეწყოს დიაგნოსტიკური და არანაკლებ 100 საწოლზე გათვლილი სარეაბილიტაციო ცენტრი. ასევე იყიდება სანატორიუმი „სავანე“ - შეფასებულია 2 მლნ ლარად, საინვესტიციო ვალდებულებაა 7 მლნ ლარი და ა.შ.
საპრივატიზაციო სანატორიუმების სია, გასაყიდი ფასი და საინვესტიციო ვალდებულების დეტალურად გასაცნობად, გადადით ბმულზე.
BMG-მ ქონების ეროვნულ სააგენტოს ჰკითხა - როგორ იგებენ პოტენციური ინვესტორები, რომ სახელმწიფოს 10 სანატორიუმი აქვს მზად გასაყიდად და გამოვითხოვეთ 2024-2025 წლებში ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ წყალტუბოს სანატორიუმების პრივატიზაციის მიზნით განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია.
"სახელმწიფო აქტიურად აწარმოებს უშუალო მოლაპარაკებებს დაინტერესებულ მხარეებთან, ასევე ახდენს პროექტის პოპულარიზაციას საერთაშორისო მასშტაბით, კერძოდ, 2024-2025 წლებში სახელმწიფომ მონაწილეობა მიიღო ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაციის (EHTTA) ეგიდით გამართულ არაერთ ღონისძიებაში ევროპასა და ამერიკაში. 2025 წელის 11-14 მარტს წყალტუბოს სანატორიუმების წარდგენა მოხდა საერთაშორისო გამოფენა MIPIM-ზე საფრანგეთის ქალაქ კანში, ხოლო სანატორიუმების პრივატიზაციის მიზნით გამოცხადდა 6 (ექვსი) ელექტრონული აუქციონი“, - მოგვწერეს სააგენტოდან.
ქონების ეროვნულ სააგენტოში ირწმუნებიან, რომ განაგრძობენ ინფორმაციის გაზიარებას პოტენციურად დაინტერესებული ნებისმიერი პირისათვის, როგორც შიდა ასევე საერთაშორისო ჭრილში, თუმცა ფაქტია, 3 წლის განმავლობაში წყალტუბოს სანატორიუმებს მსურველი ნაკლებად გამოუჩნდა - 15 სანატორიუმიდან ოთხია გაყიდული.
გამომდინარე იქიდან, რომ წყალტუბოს სანატორიუმები, ფაქტია, ინვესტორებისთვის მიმზიდველი ნაკლებად არის, ქონების ეროვნულ სააგენტოს შევახსენეთ, ჯერ კიდევ 2019 წელს ბიძინა ივანიშვილის მიერ წყალტუბოს აღორძინების მასშტაბური პროექტის დაანონსება, როცა მან საზოგადოებას ვრცელი განცხადებით ამცნო, რომ წყალტუბოს ყველა სანატორიუმის და აბანოების გამოსყიდვა და კურორტის სრული რეაბილიტაცია გადაწყვიტა, ხოლო ბიზნესმენების მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში, მზად იყო, ობიექტები გაესხვისებინა.
ბიძინა ივანიშვილი: გადავწყვიტე, წყალტუბოში გამოვისყიდო ყველა - 22 სასტუმრო და 9 აბანო [2019 წელი]
"საჯაროდ ვთავაზობ ქართულ ბიზნესს - მზად ვარ, პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, იქნება ეს დაგეგმარება, პროექტირება, მშენებლობა თუ დასრულების შემდეგ, ექსპლუატაციაში ჩაშვება, გავასხვისო ეს ობიექტები ნებისმიერ ინვესტორზე, რათა შემდგომში მან გააგრძელოს წარმატებული ოპერირება. ბუნებრივია, ჩემი მხრიდან არანაირ მოგებაზე არ იქნება საუბარი, მაქსიმალური ფასი იქნება თვითღირებულება. ამავდროულად, მე მზად ვარ დაინტერესებულ ბიზნესს ეს პროექტები გადავცე ფასდაკლებით, ან უფრო მეტიც, მნიშვნელოვანი ფასდაკლებით“, - აცხადებდა ბიძინა ივანიშვილი 2019 წელს.
„გამომდინარე იქიდან, რომ სანატორიუმების პრივატიზაცია მაღალი ტემპით არ მიდის, ამ დროის განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილი და/ან მასთან დაკავშირებული კომპანიები ხომ არ დაინტერესებულან სანატორიუმების შეძენით? - ვკითხეთ, ქონების ეროვნულ სააგენტოს, საიდანაც გვიპასუხეს, რომ ამ კითხვაზე ინფორმაციას არ ფლობენ.
რატომ არ შეიძინა წყალტუბოს არცერთი სანატორიუმი ბიძინა ივანიშვილმა და არის თუ არა ისევ დაინტერესებული „წყალტუბოს აღორძინების პროექტით“ – BMG-მ ამ კითხვით პარტია „ქართულ ოცნებას“ მიმართა. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალას განვაახლებთ.
"მოვიძიეთ ინვესტორი... მინდა, პრემიერს წყალტუბოს განვითარების ხედვა წარვუდგინო" - დავით კაკაბაძე




























