სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სანატორიუმი „სავანე“ საპრივატიზაციოდ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე გამოიტანა.
ქონების საწყისი ღირებულება 2.1 მლნ ლარია. 22 აგვისტოს დაწყებული აუქციონი 20 სექტემბერს დასრულდება.
ქონების საპრივატიზებო პირობები შემდეგია:
- საპრივატიზებო თანხის გადახდა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან არაუმეტეს 2 (ორი) თვის ვადაში;
- შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 60 (სამოცი) თვის ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე არანაკლებ 100 (ასი) ნომრიანი სასტუმროს (რომელიც უნდა მოიცავდეს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) საკონფერენციო დარბაზ(ებ)ს, რესტორანს/რესტორნებს) შექმნა (რაც შეიძლება მოიცავდეს უძრავი ქონების შესაბამისი კომპეტენტური ორგანო(ები)ს თანხმობით განხორციელებულ დემონტაჟს), კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი შენობა-ნაგებობ(ებ)ის ექსპლუატაციაში მიღება და სასტუმროს ფუნქციონირების დაწყება;
- „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, არანაკლებ 6 370 200 (ექვსი მილიონ სამას სამოცდაათი ათას ორასი) ლარის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) ინვესტიციის განხორციელება",- ნათქვამია აუქციონის პირობებში.
„წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ პროექტის ფარგლებში, 2022 წელს ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ბიზნესსექტორს 14 ყოფილი სანატორიუმის საპრივატიზებო პაკეტი წარუდგინა, რომელთა ღირებულება 50 მლნ ლარი იყო. დღეის მდგომარეობით, პრივატიზებულია ყოფილი სანატორიუმები „თბილისი“, „უშიშროება“, „წყალტუბო“ და „სამგურალი“. გაყიდული ობიექტების ჯამურმა ღირებულებამ 16,265,300 ლარი შეადგინა.