მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წყალტუბოში უახლოეს მომავალში "სურსათის ბანკი" ამოქმედდება - რა ეტაპზეა პროექტი?

საკვების ბანკი

წყალტუბოში უახლოეს მომავალში „სურსათის ბანკი“ ამოქმედდება. ამის შესახებ BM.GE-სთან „გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის“ (FAO) პოლიტიკის უფროსმა მრჩეველმა, ჯუბა მარუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, წყალტუბო საპილოტე რეგიონად ევროკავშირის დაფინანსებული ინიციატივის ფარგლებში შეირჩა. პროექტს ადგილობრივ დონეზე ჩეხური ორგანიზაცია People in Need („ადამიანი გაჭირვებაში“) წითელ ჯვართან თანამშრომლობით ახორციელებს. მარუაშვილის განმარტებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უნდა შეამოწმოს წყალტუბოში არსებული სასაწყობე სივრცე, ხოლო ობიექტის ავტორიზაცია სწორედ ამ შემოწმების შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

„იყო შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთ რითეილერს სასაწყობე პალეტი დაუწუნეს, რადგან პალეტზე კოროზიის ნიშნები შეინიშნებოდა, რაც პროდუქტის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიდა. სწორედ ამიტომ გადავადდა წყალტუბოში ავტორიზაციის პროცესი“, - განმარტავს მარუაშვილი.

FAO-ს წარმომადგენლის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი: „ვფიქრობ, ოქტომბერში სურსათის ბანკი სრულად ამუშავდება. ახლა ავტორიზაციის მინიჭებას ველოდებით”, - თქვა მან.

ინფორმაციისთვის, პირველი "სურსათის ბანკი" თბილისში უკვე ამოქმედდა. საპილოტე პროექტის განხორციელებაში საქველმოქმედო ორგანიზაცია „ენკენია“ ჩართული, რომელმაც თბილისში, ისანში ავტორიზებული სასაწყობო სივრცე მოაწყო და სურსათის გადანაწილებას ახდენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები