მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“წყლის ინფრასტრუქტურაში კრიტიკული მდგომარეობაა” - GWP-ის CEO ინვესტიციების აუცილებლობაზე

ხოსე მიგელ სანტოსი

GWP მომდევნო 3 წელში წყლის ინფრასტრუქტურაში ₾363 მლნ-ის ინვესტირებას გეგმავს - შესაბამისი გეგმა დღეს სემეკმა დაამტკიცა. ამასთან, სემეკმა მიიღო გადაწყვეტილება უცვლელად შეინარჩუნოს წყლის სამომხმარებლო ტარიფი, ხოლო კომერციული აბონენტებისთვის ტარიფი კი გაიზრდება. თბილისსა და მცხეთაში კუბურ მეტრ წყალზე 6.5 თეთრიდან 8.8 თეთრამდე, ხოლო რუსთავში 3.7 თეთრიდან 6.5 თეთრამდე.

წყლის ტარიფის დადგენის სხდომას ესწრებოდა GWP-ის გენერალური დირექტორი, ხოსე მიგელ სანტოს გონსალესი, რომლის განმარტებითაც კომპანიამ ჩაატარა ინფრასტრუქტურის სრული აუდიტი, რომლის საფუძველზეც სემეკს მომდევნო სამი წლისთვის 600 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის ინვესტიციის განხორციელების თანხმობას და შესაბამისი ინვესტიციის ტარიფში გათვალისწინებას სთხოვდნენ. თუმცა, კომისიამ მათი საინვესტიციო გეგმა 363 მილიონ ლარზე დაამტკიცა, ხოლო სატარიფო ზრდა მხოლოდ არასაყოფაცხოვრებო აბონენტების მიმართულებით გაითვალისწინა.

როგორც ხოსე მიგელ სანტოს გონსალესი აღნიშნავს, თბილისის წყალმომარაგების სისტემა დღეს კრიტიკულ მდგომარეობაშია და ის აუცილებლად საჭიროებს მნიშვნელოვან ინვესტიციებს, რის განსახორციელებლადაც კომპანია სრულ მზადყოფნას გამოთქვამს.

“ჩვენ ჩავატარეთ წყლის სისტემის სიღრმისეული შეფასება, დეტალური ანალიზი გვაქვს მთელი სისტემის მდგომარეობის შესახებ. ჩვენ ამაზე დაყრდნობით მოვამზადეთ სამოქმედო გეგმა, რომელიც წარვუდგინეთ მარეგულირებელს საკმაოდ ამბიციურ საინვესტიციო გეგმას. ეს ინვესტიციციები 600 მილიონზე მეტი მოცულობის იყო, რომელიც შემდგომ კომისიის მიერ 360 მილიონამდე შემცირდა. ეს ინვესტიციები ძალიან მნიშვნელოვანია და კრიტიკულია, რათა განვაგრძოთ წყლის სისტემის განახლება.ეს შესაძლებლობას მოგვცემს განვაახლოთ რამდენიმე ასეული კილომეტრის წყლის მილები, შემაერთებელი პუნქტები და სხვა ინფრასტრუქტურა მომდევნო სამ წელში. ამასთანავე, ეს ინვესტიციები დაგვეხმარება რათა შევამციროთ ავარიებისა და გათიშვების რიცხვები, შესაბამისად მოველით რომ გავაუმჯობესებთ იმ სერვისს, რასაც ვაწვდით თბილისის, მცხეთის და რუსთავის მცხოვრებლებს.

სისტემის კრიტიკული მდგომარეობიდან გამომდინარე, და კრიტიკულში ვგულისხმობ იმას, რომ ყოველდღიურად ვაწყდებით პრობლემებს, ეს მდგომარეობა საჭიროებს მნიშვნელოვან ინვესტიციებსა და გაუმჯობესებას. და ეს კრიტიკული მდგომარეობა მოითხოვს ყოველწლიურად ინვესტიციების განხორციელებას. სწორედ ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მივაღწიოთ იმ სტანდარტებს, რაც შესადარისია სხვა ევროპულ ქალაქებში. ეს არის GWP-ის და აქუალიას ინტერესიც და სამიზნეც.

სატარიფო ზრდა ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს განვახორციელოთ მნიშვნელოვანი ინვესტიციები, რაც არის 360 მილიონ ლარზე მეტი. შესაბამისად, ამ შედეგით ჩვენ შეგვეძლება განვაახლოთ ძალიან ბევრი კილომეტრის წყლის ქსელი.

რაც შეეხება სამომხმარებლო ტარიფს, ჩვენ ველოდით მცირედ მატებას სამომხმარებლო მიმართულებით, თუმცა ეს არის სემეკის გადაწყვეტილება,”- განაცხადა ხოსე მიგელ სანტოს გონსალესმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები