მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„წყლის კანონი“ მომავალი წლიდან ამოქმედდება - რა ვალდებულებები უჩნდება ბიზნესს?

მინერალური წყალი

მომავალი წლიდან ქვეყნის წყლის რესურსების მართვა ახალი კანონით განხორციელდება. 2026 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შედის ჯერ კიდევ 2023 წელს მიღებული "წყლის რესურსების მართვის შესახებ" კანონი, რომელიც წყლის მართვის ევროპული ნორმების დანერგვას ითვალისწინებს.

ერთ-ერთი მთავარი სიახლე, რომელიც კანონს შემოაქვს, წყლის რესურსების სააუზო მართვის მექანიზმია, როდესაც მართვა ხორციელდება მდინარეთა წყალშემკრები აუზების დონეზე წყლით სარგებლობის დაბალანსებისთვის. გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მომავალი წლის სექტემბრისთვის უკვე დამტკიცებული იქნება მდინარეთა სააუზო მართვის გეგმები.

“წყლის რესურსების მართვის შესახებ საქართველოს კანონის ფარგლებში:

2026 წლის 1 სექტემბრისთვის დამტკიცებული უნდა იყოს მდინარეთა აუზების/სააუზო უბნებისთვის სააუზო მართვის გეგმები. დღეისათვის ქვეყნის ტერიტორიაზე გამოყოფილია 7 სააუზო უბანი: (1) ჭოროხი-აჭარისწყალი, (2) ალაზანი-იორი, (3) ხრამი-დებედა, (4) მტკვარი-თერგი, (5) რიონი, (6) ენგური, (7) ბზიფი-კოდორი.

აგრეთვე, შემდეგი 14 საკანონმდებლო ნორმატიული აქტი (მთავრობის დადგენილებები) უნდა იქნეს მიღებული:

  • „წყლის ობიექტების იდენტიფიკაციისა და საზღვრების დადგენის წესი“
  • „მდინარეთა აუზების/სააუზო უბნების საზღვრების დამტკიცების თაობაზე“
  • ტექნიკური რეგლამენტი „ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი წყლის ხარისხის შესახებ“
  • „სააუზო მართვის გეგმების შემუშავების, განხილვისა და დამტკიცების პროცედურის შესახებ“
  • „წყლის რესურსების მონიტორინგის დაგეგმვისა და განხორციელების წესი“
  • „პოტენციური წყალდიდობების რისკის ქვეშ მყოფი არეალების შეფასების შესახებ“
  • ტექნიკური რეგლამენტი „წყალდაცვითი ზოლის შესახებ“
  • „სასმელი წყლის წყალმომარაგების ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონის დადგენისა და მის ფარგლებში საქმიანობის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“
  • „ზედაპირული წყლის ხარისხის სტანდარტების დამტკიცების თაობაზე“
  • ტექნიკური რეგლამენტი „ზედაპირული წყლის ობიექტებში ურბანული და სამრეწველო ჩამდინარე წყლების ჩაშვების პირობები“
  • ტექნიკური რეგლამენტი „წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ჩამდინარე წყლის ჩაშვებისა და მიღების პირობებისა და დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ნორმები“
  • „ზედაპირული წყლის ობიექტებზე სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“
  • ტექნიკური რეგლამენტი − „მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის მოპოვების მიზნით ჭაბურღილების აღრიცხვის წესი“
  • „სააუზო მართვის საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოების შექმნისა და საქმიანობის წესის თაობაზე“-ნათქვამია სამინისტროს მიერ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაში.

კერძო სექტორის შეფასებით, სააუზო მართვა წყლის რესურსების მართვის ყველაზე ეფექტიანი მოდელია.

“როდესაც დაიწყება კანონის აღსრულება, ეს ყველაფერი დააახლოებს ჩვენი წყლის რესურსების მართვას ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის მოთხოვნებთან და პრინციპებთან, რაც უზრუნველყოფს თვითონ წყლის რესურსების მდგრად მართვას და ინტეგრირებულ მართვას.

სააუზო მართვის მოდელის შემოღება მრავალწლიანი გამოცდილებით არის დადგენილი და ის ყველაზე უფრო ეფექტიანი მოდელია წყლის რესურსების მართვისთვის.

თავიდანვე კანონში იყო ჩადებული, რომ ყველა აუზისთვის პრიორიტეტი არის სასმელი წყალი და შემდეგი პრიორიტეტები უკვე დადგინდება სააუზო მართვის გეგმების შესაბამისად. როდესაც ბუნებრივ საზღვრებში ხდება მართვა წყლის რესურსების, ეს განაპირობებს მის მდგრად გამოყენებას.

ყველა მდინარის აუზში იქნება საკოორდინაციო მექანიზმი. შეიქმნება საკოორდინაციო საბჭოები, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ყველა დაინტერესებული მხარის თანაბარი მონაწილეობა. როგორც მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი დაინტერესებული მხარე არსებობს წყალთან დაკავშირებით და სწორედ აი ეს ეს მექანიზმი განსაზღვრავს წყლის რესურსის სამართლიან გადანაწილებას სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის”,- აცხადებს bm.ge-სთან ნინო სულხანიშვილი, GGU ჯგუფის ინტეგრირებული სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

რეფორმით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ზედაპირული წყლების სარგებლობის სანებართვო სისტემის აღდგენა. ნებართვის აღება მოუწევთ კომპანიებს, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია წყლის მოხმარებასთან და გარკვეული რაოდენობით წყლის ჩადინებასთან მდინარეებში. აღსანიშნავია ის, რომ ახალი სანებართვო სისტემა შეეხება მხოლოდ კანონის ამოქმედების შემდგომ ნებისმიერ ოპერატორს, იქნება ეს საწარმოო ობიექტი, თუ ჰიდროელექტროსადგური.]

წყლის რესურსების სარგებლობისათვის სამომავლოდ ქვეყანაში დაწესდება მოსაკრებელიც. ეს შეეხება ძირითადად სამრეწველო საქმიანობას, რომელიც დიდ რაოდენობით წყლის რესურსს მოიხმარენ. მოსაკრებლის გადახდა მოუწევთ მათ შორის ჰიდროელექტროსადგურებსაც.

“იმედი გვაქვს, რომ გათვალისწინებული იქნება ქვეყნის ეკონომიკური პირობები და ეს არ იქნება ისეთი გადასახადი, რომელიც მძიმედ დააწვება როგორც ბიზნესს, ასევე მოსახლეობას, მაგრამ თვითონ პრინციპი ფასიანი ბუნების სარგებლობის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ლიცენზირებული წყალსარგებლობა ხელს უწყობს წყლის რესურსი გამოყენებულ იქნეს რაციონალურად და გონივრულად”,-აცხადებს ნინო სულხანიშვილი.

გარდა მოსაკრებლის გადახდისა კერძო სექტორს ასევე მოუწევს ინვესტირება თავიანთ ინფრასტრუქტურაშიც. მაგალითად, ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის ქონა და გარკვეული სტანდარტის დაცვისთვის ფინანსური დანახარჯების გაწევა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი კანონის მოქმედების შემთხვევაშიც საერთო წყლის მოხმარება ნებართვის გარეშე განხორციელდება და იგი უფასო იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები