მარცვლეულის ახალი მოსავლის აღება ახლოვდება, თუმცა ფერმერების უმრავლესობას ჯერ კიდევ არ მოუხდენია გასული წლის მოსავლის ნაწილის რეალიზაცია.
მიუხედავად იმისა, რომ საწყობებში ფაქტობრივად ადგილი აღარ აქვთ და ფასიც კილოგრამზე 50 თეთრს ჩამოსცდა, ხორბლის მწარმოებლები ამბობენ, რომ ქართულ მარცვლეულზე მოთხოვნა მაინც ძალიან დაბალია.
მათი განმარტებით, მიზეზი იმპორტირებულ იაფ ნედლეულთან არათანაბარი კონკურენციაა, რის გამოც წისქვილკომბინატები ადგილობრივ მოსავალს აღარ ყიდულობენ.
ფქვილის მწარმოებლების განმარტებით, შარშანდელი მაღალი ხარისხის (სასურსათო) ადგილობრივი ხორბალი წისქვილებმა უკვე აითვისეს. ხოლო ის, რაც ფერმერებს დარჩათ, ხარისხობრივ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.
“ნედლეული, რომელიც დარჩენილია ადგილობრივ ფერმერებთან, ეს არის ფაქტობრივად ის ხორბალი, რომლის ხარისხობრივი მაჩვენებელი არც ისე მაღალი იყო, რადგან შარშან სასურსათო ხორბალი ფაქტობრივად აითვისა წისქვილკომბინატებმა. გარკვეულწილად დღეს ფასიც არ არის მაღალი და მისი ხარისხობრივი მაჩვენებლებიც. შესაბამისად, აქ ორი ფაქტორია: ერთი, რომ თვითონ ფერმერებს ფასი არ უღირთ და მეორე, წისქვილკომბინატებს გარკვეულწილად ფასთან მიმართებით ვერ სთავაზობენ ხარისხიან პროდუქტს.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროგნოზირებადი იყოს ეს მიღების პროცედურები. სამწუხაროდ, სწორ მონაცემებზე ვერ გავდივართ წლების განმავლობაში. ფერმერებს წელსაც აქვთ დაანონსებული 200 000 ტონა ხორბალს მოვიწევთო, შარშანაც იგივე ჰქონდათ, მაგრამ ასოციაციის წევრმა კომპანიებმა მხოლოდ 30 000 ტონა მიიღეს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ სეზონზე მაინც მოწესრიგდეს გარკვეულწილად როგორც წისქვილკომბინატების რეესტრი, ისე მიკვლევადობა იყოს იმ ფერმერების, რომლებიც აბარებენ ხორბალს. მაგ შემთხვევაში ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ სწორად დავალაგოთ ურთიერთობა ფერმერებს და წისქვილკომბინატებს შორის”,- აცხადებს ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა.
მისი თქმით, ქართულ და იმპორტირებულ ნედლეულს შორის ფასთაშორის სხვაობას საგადასახადო პრაქტიკა იწვევს. იმპორტირებული ხორბალი დღგ-თი იბეგრება, რაც ბიზნესს საშუალებას აძლევს მოახდინოს მისი ჩათვლა. ადგილობრივი ხორბალი კი გათავისუფლებულია დღგ-სგან, რაც ფასებს შორის სხვაობას ქმნის და იმპორტირებულ პროდუქციას უფრო "მიმზიდველს" ხდის წისქვილებისთვის.
“ფასი ფორმირდება მსოფლიო ბაზრიდან გამომდინარე. ადგილობრივი და იმპორტირებულ ნედლეულზე ფასთაშორის სხვაობა გამოწვეულია იმით, რომ იმპორტირებული ხორბალს დღგ-თი ვყიდულობთ და შემდეგ ჩათვლას ვაკეთებთ, ადგილობრივი ხორბალი კი განთავისუფლებულია დღგ-დან. დღგ-ს თემა იძლევა იმ სხვაობას, რაცაა ადგილობრივ და იმპორტირებულ ხორბლის ჩაბარებას შორის.
წლების განმავლობაში ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს. თუ დღგ-თი დაიბეგრება ქართული ხორბალი, მისი ფასი იქნება თანაბარი იმპორტირებულ ხორბალთან მიმართებით, რადგანაც თვითონ გადახდის სისტემები იქნება ერთნაირი. ეს
განხილვის თემაა, ამ წუთს ეს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული, მაგრამ ამაზე მუშაობა ღირს”,-აცხადებს ლევან სილაგავა.



























