მთავრობის მიერ გაცხადებული გეგმის მიხედვით, თბილისში, ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა იგეგმება. წინასწარი ხარჯი ინფრასტრუქტურისათვის 1.3 მლრდ დოლარია გათვალისწინებული. ახალი აეროპორტის მესაკუთრე სახელმწიფო იქნება, თუმცა ეკონომიკის მინისტრის განცხადებით მმართველი კომპანია კერძო სექტორიდან შეირჩევა.
მიუხედავად იმისა, რომ 19 მილიონი მგზავრის მასპინძლობას საქართველოში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები უახლოეს წლებში ნაკლებად ელოდებიან, ავიაქსელის დამფუძნებელი ამირან აბესაძე თვლის, რომ ახალი აეროპორტი არსებულის გაუქმების მიზეზი შეიძლება არ იყოს. ამირან აბესაძე თვლის, რომ ახალი აეროპორტი უკვე არსებულის ფუნქციონირებას ხელს არ შეუშლის, მით უმეტეს იმ შემთხვევაში თუ აქცენტი დაბალბიუჯეტიან ფრენებზე გაკეთდება.
“მიმაჩნია საკმაოდ დროული გადაწყვეტილებაა, ეს უდავოდ გაზრდის მგზავრთნაკადს. ეს უბრალოდ სიტყვები არ არის ამის მაგალითი საქართველოშიც გვაქვს. ქუთაისის აეროპორტი როცა იხსნებოდა, იყო ეჭვები რომ მგზავრთნაკადი დააკლდებოდა თბილისის და ბათუმის აეროპორტებს, მაგრამ მოხდა საპირისპირო მგზავრთნაკადი გაიზარდა.
ძალიან მნიშვნელოვანია რა კონცეფცია ექნება ახალ აეროპორტს, თუ კი გათვლა იქნება გაკეთებული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მოზიდვაზე მე ვთვლი, რომ მინიმუმ გაორმაგდება მგზავრთნაკადი. 19 მილიონზე გათვლა კი არის, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ასე არ იქნება. თუმცა ვფიქრობ, რომ პირველივე წელს გვექნება მგზავრთნაკადის გაორმაგება. ასე რომ ვთვლი, რომ ბრწყინვალე გადაწყვეტილებაა და ველოდებით, როდის გვექნება ახალი აეროპორტი, ”- ამბობს ავიაქსელის დამფუძნებელი ამირან აბესაძე.