მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი გაგრძელდება, გადაზიდვების გაძვირება და დროის გაზრდაა მოსალოდნელი - Kairos Logistics

გადაზიდვები წითელი ზღვა

იმ შემთხვევაში, თუკი ახლო აღმოსავლეთში ომი შედარებით დიდხანს გაგრძელდება, არის მოლოდინი, რომ გლობალური მიწოდების ჯაჭვი მნიშვნელოვნად შეფერხდება, რაც გადაზიდვების გაძვირებასაც გამოიწვევს - ასეთი მოლოდინი აქვთ სატრანსპორტო სფეროს წარმომადგენლების ნაწილს.

როგორც BMG-სთან Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორი, მიხეილ ნამადოვი აცხადებს, კონფლიქტის შედარებით ხანგრძლივი გაგრძელების შემთხვევაში, ჰორმუზის სრუტესთან ერთად გადაზიდვები შეფერხდება წითელ ზღვაშიც, რაც თავის მხრივ ტრანსპორტირების დროის გახანგრძლივებას და გაძვირებას გამოიწვევს.

თუმცა მეორე მხრივ, სატრანსპორტო სფეროს წარმომადგენლების ნაწილი ამბობს, რომ ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების და ჰორმუზის სრუტეში შეფერხებების ფონზე, შესაძლოა, საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის აქტუალობა გაიზარდოს.

„პირველ რიგში, საკმაოდ ცოტა დრო არის გასული, რომ დასკვნები გავაკეთოთ და რამე კონკრეტულზე ვისაუბროთ, თუმცა შეგვიძლია წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონია და საკმაოდ ახლოს არის ჩვენთან, ვთქვათ, რომ, რა თქმა უნდა, გავლენა ექნება. რამდენიმე ფაქტორი შემიძლია გამოვყო. პირველი, ნავთობის ფასის ზრდა ცალსახად მოსალოდნელი არის, რაც პირდაპირპროპორციულად გადადის შემდგომ ტრანსპორტირების ხარჯებში და შესაბამისად, როგორც კი საწვავი ძვირდება, ხდება გადახედვა დაფიქსირებული კონტრაქტების.

გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ საქართველო სანქციებიდან გამომდინარე არ იყენებდა ბანდერ-აბასის პორტს, თუმცა ჩვენი მეზობლები სომხეთი და აზერბაიჯანი საკმაოდ აქტიურად იყენებდნენ მას ინდოეთიდან იმპორტისთვის და ჩინეთიდან. ჩემი მოლოდინი არის, რომ ფოთზე [პორტზე] გაიზრდება მოთხოვნა ამჟამად, იქიდან გამომდინარე, რომ ფაქტობრივად უფუნქციოა ის პორტი, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა და საბრძოლო ვითარება, რომელიც არ ჩერდება, ეს გაზრდის დაწოლას ფოთის პორტზე.

რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება [ომი], რა თქმა უნდა, უფრო მწვავე იქნება ასახვა ტარიფებში, თუმცა თუ ეს მალე მორჩება - ამ შემთხვევაში ბაზარი გაუძლებს ამ ფასის დინამიკას. თუმცა, რა თქმა უნდა, თუ დიდხანს გაგრძელდა, საზღვაო ხაზები დაიწყებენ ტარიფების გადახედვას. საზღვაო ხაზებიდან გამომდინარე მერე ზეწოლა ისევ მოდის დანარჩენ მიმართულებებზე და, ასე ვთქვათ, დომინოს პრინციპით იწყება ეს ყველაფერი.

მაგალითისთვის, თუ თქვენ პროდუქცია შემოგაქვთ დუბაიდან, საიდანაც ძირითადად მოდიოდა მაგალითად უფრო ძვირადღირებული საქონელი და ტექნიკა, რა თქმა უნდა, გიძვირდებათ, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ გამოგაქვთ პროდუქცია და როგორც კი ალტერნატივაზე გადადიხართ, ეს აძვირებს ზედნადებ ხარჯებს. თუ თქვენ დავუშვათ შემოგაქვთ საკვები პროდუქცია, რომელიც ძირითადად ჩვენი სამეზობლოდან მოდის, ამ შემთხვევაში ნაკლებად ძვირდება, თუმცა თუ გლობალურად ტარიფები გაიზარდა, რა თქმა უნდა, თქვენს თვითღირებულებაში პროცენტულად მოხდება მატება ამ ხარჯის.

მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, მოსალოდნელია, რომ შუა დერეფანი უფრო გაიმყარებს პოზიციებს, მაგალითისთვის ახლა აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ სარკინიგზო გადაზიდვები უფრო გავაძლიეროთ ჩინეთიდან. მეორე თვალსაზრისი არის ის, რომ გრძელი მარშრუტების გაძვირება მოხდება კიდევ უფრო და ჰორმუზის სრუტესთან ერთად, რა თქმა უნდა, წითელ ზღვაში ტრანზიტიც შეფერხებული იქნება ცალსახად, იმიტომ რომ ჰუსიტები აქტიურობენ კიდევ უფრო მეტად, ვიდრე აქამდე. შესაბამისად, თუ თქვენ პროდუქცია შემოგაქვთ ზღვით, მოლოდინი უნდა გქონდეთ, რომ მოგიწევთ ძვირის გადახდაც და დაახლოებით 4 თვემდე ლოდინი ტვირთის, რაც საკმაოდ დიდია”, - განაცხადა მიხეილ ნამადოვმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები