ბოლო ორი დღის განმავლობაში ჰორმუზის სრუტესთან სულ მცირე ორ ნავთობტანკერს ჭურვი მოხვდა. არსებული ინფორმაციით, დაზიანებულ ხომალდებს შორის ერთ-ერთი ირანის "აკრძალულ სიაში" შედიოდა. საყურადღებო ფაქტია, რომ ინციდენტების მიუხედავად ორივე ტანკერის ეკიპაჟის წევრები უვნებლად გადარჩნენ.
The Maritime Executive-ის ცნობით, ორიდან ერთი ჭურვი არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო ნავთობკომპანია Adnoc-თან დაკავშირებულ ტანკერ Al Dhannah-ს მოხვდა. როგორც ირკვევა, სპარსეთის ყურეში აღმოსავლეთით მიმავალ ხომალდს აფეთქების შედეგად საჭის განყოფილება დაუზიანდა, რის გამოც ტანკერმა კურსი შეიცვალა.
მეორე ჭურვი კი, Vanguard Tech-ის ინფორმაციით, ომანის სანაპიროდან დაახლოებით სამ საზღვაო მილში მცურავ ტანკერ ON Phoenix-ს მოხვდა. იერიშის შედეგად ხომალდის სამანქანო განყოფილებაში ხანძარი გაჩნდა.
ცნობისთვის, ბოლო კვირების განმავლობაში ჰორმუზის სრუტესა და მის მიმდებარე წყლებში ათობით ხომალდი დაზიანდა.
























