„თუ ამ კანონს არ გავიტანთ, საქართველოში საერთოდ აღარავინ ჩამოვა, ან მხოლოდ ოდიოზური ქვეყნებიდან ჩამოვლენ,“- ამის შესახებ BM.GE-სთან ტურისტული კომპანია Traffic travel-ის ტუროპერატორმა, ცოტნე ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, წელს, მარტის ბოლოდან წინასწარი ჯავშნების მიღება გააქტიურებული იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში „რუსულ კანონზე“ საუბარი და აქციები დაიწყო, ახალი ჯავშნების შემოსვლა ფაქტობრივად გაუქმდა, ხოლო ძველი ჯავშნებიდან კითხვები წამოვიდა, თუ რამდენად უსაფრთხო იყო ქვეყანაში ჩამოსვლა.
„14 წელია ამ სფეროში ვარ და ასეთი ცუდი ზამთარი არ მახსოვს. თუ გუდაურს არ ჩავთვლით, თითქმის ყველა მიმართულებით გაჩერებულები ვიყავით. მარტის ბოლოდან უკვე გააქტიურდა წინასწარი ჯავშნების მიღება. ფაქტობრივად ყოველდღე მოგვდიოდა ჯავშნებზე მოთხოვნა. თუმცა, რაც „რუსული კანონის“ მიღებაზე ლაპარაკი და ქვეყანაში აქციები დაიწყო, უკვე არსებული ჯავშნებიდან არაერთი კითხვა წამოვიდა, რამდენად უსაფრთხო იყო ქვეყანა და ღირდა თუ არა ჩამოსვლა. შესაბამისად, ძველ ჯავშნებზე კითხვის ნიშნები გვაქვს, საერთოდ ჩამოვლენ თუ არა. ხოლო, ახალი ჯავშნები ბოლო პერიოდში საერთოდ აღარ მიგვიღია.
იმ შემთხვევაში, თუ მთელმა ერმა, რომლებიც გავერთიანდით, ვერ გავიტანეთ ეს კანონი, რაშიც დიდი ეჭვი მეპარება, ამ შემთხვევაში საქართველოში აღარავინ ჩამოვა, ან მხოლოდ ოდიოზური ქვეყნებიდან ჩამოვლენ. თუმცა, აქ მეორე მხარეცაა. თუ ჩვენ ევროპული ოჯახის ნაწილი გავხდებით, ვფიქრობ, რომ ყველა სფერო განვითარდება და ჩვენ ვიქნებით სამაგალითო, რომ ჩვენ ძალიან დიდი ბრძოლის ფასად ამ დიდი ოჯახის წევრი გავხდით. საკმაოდ დიდ „რეკლამას“ ვუკეთებთ ჩვენს ქვეყანას ამ ბრძოლით. მართალია ეს ძალიან მტკივნეული ბრძოლაა, თუმცა ეს ბრძოლა დაფასდება“- აცხადებს ჯაფარიძე.
მისი ინფორმაციით, ამ დროისათვის რომელიმე ქვეყნიდან განსაკუთრებულად გამოკვეთილი ჯავშნების რაოდენობა არ ფიქსირდება.
ტუროპერატორი ასევე აღნიშნავს, რომ აშშ, რომელიც მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტებით გამოირჩევა და მათი კომპანიის პორტფელში 50-55%-ს იკავებს, მათი მხრიდან ჯავშნების რაოდენობა საგრძნობლადაა შემცირებული.
ინფორმაციისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი სამი მოსმენით მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ მესამე მოსმენით კანონპროექტის წარდგენა მხოლოდ ტექნიკურ საკითხებს, მის გრამატიკულ ჩასწორებას ითვალისწინებს, საკითხის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, თავად განხილვის პროცესს კი განხილვას 2 წუთი დასჭირდა. კენჭისყრის შედეგებით კი კანონპროექტს 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 30-მა კი არ დაუჭირა.