მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თუ ამ კანონს მივიღებთ, უნივერსიტეტები ძალიან ბევრ ევროპულ და ამერიკულ პროექტს დაკარგავენ“- ნანა დიხამინჯია

ნანა დიხამინჯია

„თუ ჩვენ ამ კანონს მივიღებთ, უნივერსიტეტები ძალიან ბევრ ევროპულ და ამერიკულ პროექტს დაკარგავენ“, - ამის შესახებ "ალტე უნივერსიტეტის" ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელმა და ტექნოლოგიურმა ინჟინერმა, ნანა დიხამინჯიამ BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა საფრთხის წინაშე დგას, რომ საგანმანათლებლო მიმართულებით ისეთი პროგრამები შეწყდეს, როგორიცაა ექსტრაკურიკულური განათლება, ჰაკათონები და "ერასმუსის" გაცვლითი პროგრამები.

„ცხადად უნდა გავიაზროთ, რომ თუ ჩვენ ამ კანონს მივიღებთ უნივერსიტეტები ძალიან ბევრ ევროპულ და ამერიკულ პროექტს დაკარგავენ. ამ ქვეყნებმა ეს პირდაპირ განაცხადეს.

კობახიძემ საერთაშორისო ორგანიზაციებზე საშინელებები ილაპარაკა, რომ ისინი ნარკოტიკების პოპულარიზაციასა და გადატრიალების მოწყობას ხელს უწყობენ. შესაბამისად, შეუძლებელია მათ ამ ყველაფერს აბრალებდე და შემდეგ მათ ფული მოგცენ. ანუ, საგანმანათლებლო პროგრამები შეწყდება. ჩვენ ამას პრორუსულ ქვეყნებში ვხედავთ, თუ როგორ არის ბელორუსიაში ერასმუსის პროგრამები შემცირებული.

ექსტრაკურიკულური განათლების მიღების, პროექტების, ჰაკათონების თუ "ერასმუსში" გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობის მიღება სტუდენტებს შეუჩერდებათ. შესაბამისად, ეს სტუდენტებს ძალიან კარგად აქვთ გააზრებული, მგონია ადმინისტრაციაზე უკეთაც აქვთ გააზრებული და ზუსტად ამიტომ გაიფიცნენ ისინი.

მე ორი წელია აღარ ვასწავლი, რადგან ამერიკაში ვარ, ამიტომ, უფრო თამამად ვიტყვი, რომ სტუდენტებს რეალურად აქვთ გაფიცვის უფლება. ეს მათი კანონიერი უფლებაა “,- აცხადებს დიხამინჯია.

ტექნოლოგიური მენეჯერი უნივერსიტეტების ადმინისტრაციებს მოუწოდებს, რომ ისინი მათი სტუდენტების გვერდით უნდა იდგნენ, რათა ქვეყანას ევროპული მომავალი ჰქონდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები