მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ აქ 1 ჰექტარზე 40 ტონა ვაშლი მოდის, პოლონეთში 80 ტონას კრეფენ" - ბეჟიტაშვილი წარმოების განვითარებაზე

ვაშლის ბაღები

ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტის, ვახტანგ ბეჟიტაშვილის განცხადებით, საქართველოში ვაშლის წარმოების დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია არა სუბსიდირება, არამედ ტექნოლოგიების შემოტანა და ფერმერების განათლება.

„საჭიროა ახალი ჯიშების და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა. ჩვენთან ნახევარზე მეტი ისევ ძველი, კომუნისტების დროს ჩაყრილი ვაშლის ნერგებია. ჩვენი ფერმერებისთვის ახლებური ხედვის დანახვება, ასევე, წვეთოვანი სისტემებზე გადასვლაა საჭირო. 1 ჰექტარზე მოსავლის მოცულობა რაც შეიძლება მეტად უნდა გაიზარდოს. თუ ჩვენთან 1 ჰექტარზე 20-40 ტონა ვაშლი მოდის, პოლონეთში 60-80 ტონას კრეფენ. როგორ მიაღწიეს იქ ამას? როგორ და ევროკავშირის გრანტებით და ტექნოლოგიების დანერგვით. თუ ჩვენ ევროპას დავშორდებით და არსებული ტენდენცია გაგრძელდა, რაც გვაქვს, იმასაც დავკარგავთ. ამიტომ მაქსიმალურად საჭიროა ახალი ტექნოლოგიები, ფერმერების გადამზადება“, - განაცხადა ბეჟიტაშვილმა Bm.ge-სთან ინტერვიუში.

მისი თქმით, ვაშლის წარმოების განვითარებას ხელს უშლის იმპორტის მოცულობაც, რისი საჭიროებაც ქვეყანას არ უნდა ჰქონდეს, - "საქართველოში ძალიან დიდი პოტენციალია სოფლის მეურნეობის კუთხით. არ შეიძლება საქართველოში შემოდიოდეს იმპორტით ხახვი და ვაშლი. ეს დანაშაულია“, - აღნიშნა მან.

ამასთან, ვახტანგ ბეჟიტაშვილმა კიდევ რამდენიმე გამოწვევა დაასახელა, რაც ვაშლის წარმოებას განვითარებას ხელს უშლის. მათ შორისაა, მიწების ფრაგმენტაციაც.

"საქართველოში, ისედაც მცირემიწიან ქვეყანაში, მიწის ძალიან დანაწევრებული ნაკვეთებია. სახელმწიფო ფერმერული მეურნეობების გამსხვილებასა და კოოპერატივების წახალისებაზე უნდა იყოს ორიენტირებული, რათა რაც შეიძლება მეტი მსხვილი ფერმერული მეურნეობა შეიქმნას. „დანერგე მომავალი“ და მსგავსი პროექტები არის მეტწილად კორუფციულ გარიგებებზე დამყარებული, ამიტომ ფართო ფენებზე ეს არ ვრცელდება და რეალურად მართლა ვისაც შეუძლია და აქვს სურვილი საქმის კეთების, იმას ხელის შეწყობა სჭირდება“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები