"კურიოზული, ანეკდოტური სიტუაციაა შექმნილი საქართველოში ვაქცინაციის მხრივ", - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში საჭიროზე მეტი ვაქცინაა, 500-ზე მეტი ვაქცინაციის პუნქტია, ადამიანებმა იციან, რომ უნდა აიცრან, მაგრამ მაინც არ იცრებიან.
"კურიოზული, ანეკდოტური სიტუაციაა შექმნილი საქართველოში ვაქცინაციის მხრივ, აბსურდის თეატრია. ვაქცინა არის საკმარისზე მეტი, ამაზე ვერავინ ვერაფერს ამბობს. უნიკალური ქსელია მოწყობილი აცრისთვის, 500-ზე მეტი კაბინეტია უმაღლესი ტექნიკით და გუნდებით აღჭურვილი, აცრის ავტობუსები დადიან.
ვაქცინაცია შეიძლება ყველგან. ტყუილია ის, რომ სუსტი იყო საინფორმაციო კამპანია და ამიტომ იკავებდა მოსახლეობა თავს. ჩემი მოსაზრებით, მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა თბილისსა და დიდ ქალაქებში ძალიან კარგად იცის, რომ ვაქცინა კარგია და აუცილებელი, ეს იციან ერთმანეთისგან, სოციალური ქსელიდან, იციან, მაგრამ ირეკლავენ, თითქოს მათ არ ეხებათ. ეს არის აბსურდის თეატრი, როცა ყველა პირობაა შექმნილი, იცი, რომ ვაქცინას თუ არ გაიკეთებ დამძიმების და სიკვდილის რისკი გაქვს, ამაზე მეტი მოტივაცია რა უნდა იყოს? ეს იციან და ვაქცინას არ იკეთებენ, საბოტაჟს უწყობენ საკუთარ თავს და ქვეყანას", - განაცხადა ცერცვაძემ.
დღეის მონაცემებით, საქართველოში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 28.2%.