მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თუ ასე გაგრძელდა, ქართულ ბიზნესში ისეთი გარემო შეექმნება, რაც რუსეთში - ერეკლე ლოლაძე

ერკლე ლოლაძე

Mouth Melters-ის და "ლოლაძეების საოჯახო მეღვინეობის" დამფუძნებელი, ერეკლე ლოლაძე ამბობს, რომ მაშინ, როდესაც შეკვეთების მხრივ აქტიური პერიოდია, ბიზნესის კეთებას კომპანიამ იმ ადამიანების გვერდით დგომა არჩია, რომლებიც უკვე მეოთხე კვირაა ახალი არჩევნებს ჩატარებას და აქციაზე უდანაშაულოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას ითხოვენ.

მისივე ცნობით, ბიზნესის ჩართულობა ამ პროცესებში მნიშვნელოვანი და საინტერესოა. განსაკუთრებით იმ ბიზნესების ჩართულობა და პოზიცია, რომლებიც 23 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ. ლოლაძე დასძენს, რომ მხოლოდ ხელისუფლებისთვის ხოტბის შესხმა შედეგს არ მისცემთ, თუ ადამიანებს განწყობა არ ექნებათ და მათ სერვისზე მოთხოვნა არ იქნება.

„ბიზნესის ჩართულობა განსაკუთრებით 23 დეკემბერს იყო საინტერესო (ირაკლი კობახიძე ბიზნესებს შეხვდა). ჩემ შემთხვევაში დიდი გადამხდელი მე არ ვარ, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია და მეტად საპასუხისმგებლოა მათი პოზიცია. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკურ და ბიზნეს სტაბილურობას მხოლოდ ცალკეული ბიზნესები, ან ბიზნეს ჯგუფი არ განსაზღვრავს. ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელთა განწყობები, თუ ადამიანებში განწყობა არ არის, მათ პროდუქტსა და სერვისზე მოთხოვნა შემცირდება, მხოლოდ ხელისუფლებისთვის ხოტბის შესხმა შედეგს არ მისცემთ.

ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ სახელისუფლებო გუნდის მხარდამჭერები არიან და ამ პროცესს დადებითად აფასებენ, მგონია, რომ მოკლევადიან პერიოდში იყურებიან. თუმცა, პრობლემების წინაშე აუცილებლად დადგებიან, გარკვეული პერიოდის შემდეგ. სულ ცოტა, ბიზნესში ისეთი გარემო შეექმნება, როგორც ხდება რუსეთში ე.წ პერესტრელკები და ა.შ. არ მგონია, რომ ეს ვინმეს უნდოდეს. ბიზნესის დიდ ნაწილს არ უნდა ეს და ჩვენ ვნახეთ Freebusiness.ge-ზე რამდენი ბიზნესია დარეგისტრირებული.

როგორც ბაზარი, გინდაც ეს მომსახურების სფერო იყოს, გინდაც პროდუქციის რეალიზაციის ნაწილში, მე ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო მრავალფეროვანი და ბევრად უფრო მსყიდველუნარიანია და საფასო სეგმენტიც უფრო მაღალია, ვიდრე რუსეთის შემთხვევაში. რუსეთის შემთხვევაში, ფაქტობრივად ჩამოკიდებული უნდა იყო ერთ ქვეყანაზე, რომელიც მუდმივად არასტაბილურია და როდის რა გადაუბრუნდება თავში კაცმა არ იცის. ვფიქრობ ყველა ბიზნესი მოწესრიგებული გარემოსკენ ისწრაფვის და არა "ცეხავიკური", ბნელ კუთხეში რამის წარმოებაზე“,- აცხადებს ლოლაძე.

მისივე შეფასებით, მოლოდინის განსაზღვრა რთულია, თუმცა საზოგადოების ვალია, რომ საპროტესტო აქციებზე იქამდე იყვნენ და იმ დრომდე გაგრძელდეს მკვეთრად გამოხატული, მკაცრი პრინციპული აზრის გამოხატვა, სადამდეც საჭირო იქნება. ვინაიდან, ძალადობრივი რესურსი უფრო მალე ამოწურვადია, ვიდრე ხალხის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები