ბოლო პერიოდში, საქართველოში ტურიზმის სექტორში სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე გიდები მომრავლდნენ. როგორც BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ ქართველმა გიდმა, ალექსანდრე გიორგაძემ განაცხადა, ტენდენცია თუ ასე გაგრძელდა, ბაზრის წილის მინიმუმ ნახევარს უცხოელი გიდები დაიკავებენ.
მისივე ცნობით, სექტორის წარმომადგენლები დიდი ხანია ამ თემაზე აქტიურად საუბრობენ და კანონის დონეზე ბერკეტების შემოღებას ითხოვენ ისე, როგორც ევროკავშირის ქვეყნებშია.
„თუ ადრე რუსი გიდების პრობლემა იყო, ბოლო 2 წელია ინდუსები, ჩინელები, არაბები და პოლონელები მომრავლდნენ, რომლებიც დიდი ხანია ამ საქმიანობით არიან დაკავებული. მე არ ვიცი ჯამში რამდენი არიან, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, ყოველი მესამე ან მეოთხე უცხო ქვეყნის მოქალაქეა. თუ ასე გაგრძელდა, უახლოეს 3-4 წელიწადში მინიმუმ ბაზრის ნახევარს უცხო ქვეყნის მოქალაქეები დაიკავებენ.
ძალიან დიდხანს ვითხოვდით, რომ ეს ყველაფერი კანონით ყოფილიყო დარეგულირებული, რომელიც ჯერ კიდევ არ არის დადგენილი. როდესაც ჩვენ ევროკავშირის ქვეყნებში ნებისმიერი მიმართულებით სამუშაოდ მივდივართ, ნებართვა უნდა მივიღოთ, რომ ვიმუშაოთ. თუნდაც მსგავსად, რომ ისინიც დარეგისტრირდნენ და გადასახადები გადაიხადონ. მეორე მხრივ, რომ ჩვენ ვიყოთ კონკურენტუნარიანები. ობიექტურად უნდა ითქვას, რომ ქართველი გიდების ცოდნის, კომპეტენციის ნაწილში გვაქვს პრობლემები, რადგან ბაზარი არის სრულად თავისუფალი“, - განაცხადა გიდმა.