მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“თუ აშშ აღიარებს, რომ გადატრიალებას მიწყობდნენ, შევძლებთ ურთიერთობების გადატვირთვას” - ლუკაშენკო

ლუკაშენკო

ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის მზადაა. თუმცა მან ერთი აუცილებელი წინაპირობა დაასახელა.

როგორც ქვეყნის ლიდერი აცხადებს, ამერიკის ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ უნდა აღიაროს, რომ 2020 წელს მის წინააღმდეგ გადატრიალებას აწყობდა. საუბარია პანდემიის პერიოდში ჩატარებულ არჩევნებზე, რომლის შედეგებიც საერთაშორისო დონეზე გაყალბებულად გამოცხადდა და ის მაშინ არც ტრამპის ადმინისტრაციამ ცნო სამართლიანად. ამის შემდეგ ქვეყანაში რამდენიმეკვირიანი საპროტესტო აქცია დაიწყო, რაც დარბევებით, პოლიტიკური ოპონენტების დაკავებითა და ძალაუფლების მეტი კონსოლიდაციით დასრულდა.

ამერიკულ მედია Newsmax-თან საუბრისას ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ტრამპის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან გადატრიალების მოწყობის მცდელობის აღიარება პრაგმატული ნაბიჯი იქნება და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ვითარების დაბალანსებას. “თუ ისინი ჩადენილს აღიარებენ, მაშინ მშვიდად, კაცურად შევძლებთ ურთიერთობების გაუმჯობესებას”.

ბელორუსის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანას ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ არავითარი უარყოფითი განზრახვა არ აქვს და მოელის, რომ მომავალში არაერთ საკითხი ითანამშრომლებენ.

ცნობისთვის, ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური პროცესები ბოლო პერიოდში აქტიურად აღდგა. ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა არაერთი დაპატიმრებული პოლიტიკოსის, ჟურნალისტისა და სამოქალაქო აქტივისტის ციხიდან გამოშვება და მეზობელ სახელმწიფოებში გადაყვანა შეძლეს, თუმცა სანაცვლოდ ბელარუსს არაერთი სანქცია მოუხსნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები