მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“თუ აშშ გრენლანდიაში შეიჭრება, NATO ჩამოიშლება” - დანიის პრემიერ-მინისტრი

მეტე ფრედერიკსენი

დანიის პრემიერ მინისტრი მეტე ფრედერიკსენი ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მიერ გრენლანდიის ანექსიის საკითხის დაყენებას გამოეხმაურა. როგორც ქვეყნის ლიდერი ამბობს, დანიის სამეფოში შემავალი კუნძულის სამხედრო გზით დაკავება NATO-ს, როგორც თავდაცვითი ორგანიზაციის დაშლას გამოიწვევს, რადგან გაერთიანებაში ორივე სახელმწიფოა წარმოდგენილი.

როგორც ფრედერიკსენი აცხადებს, ტრამპის განცხადებები გრენლანდიის მიერთების სურვილთან დაკავშირებით სერიოზულად არის მისაღები, რადგან ეს NATO-ს ერთი წევრის მიერ მეორეს საკუთრებაში არსებული ტერიტორიის ძალისმიერი გზით მიერთების რისკებს აჩენს. ხოლო თუ ასეთი რამ მართლაც განხორციელდა, ეს ალიანსის ოპერაციულ ერთიანობას დაარღვევს და უსაფრთხოების იმ სტრუქტურას მოშლის, რომელსაც NATO ემყარება.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გრენლანდიის ძალისმიერი გზებით მიერთება არ გამორიცხა და თქვა, რომ თუ საჭირო იქნება, ამას დანიასთან შეუთანხმებლად გააკეთებს. ქვეყნის ლიდერი მიზეზებად აშშ-ის წინაშე არსებულ სტრატეგიულ საფრთხეებს და არქტიკული რეგიონისადმი საერთაშორისო ინტერესის ზრდას ასახელებს. აღსანიშნავია, რომ დანიის პრემიერ მინისტრს მხარდაჭერა უკვე გამოუცხადეს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ევროპის სახელმწიფოებმა. მათი შეფასებით, დანიასა და მის სამეფოში შემავალ ავტონომიურ ერთეულ გრენლანდიას სრული უფლება აქვთ, თავად განსაზღვრონ საერთო მომავალი, მათ შორის გამოცალკევების საკითხიც, თუმცა ეს მესამე ქვეყნის ზეწოლის ქვეშ არ უნდა მოხდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები