აზარტული თამაშების ასოციაციის ხელმძღვანელის გიორგი მამულაიშვილის განცხადებით, აზერბაიჯანში კაზინოების გახსნამ ქართულ სათამაშო ბიზნესს შესაძლოა 5-დან 10%-მდე შემოსავალი დააკარგვინოს. მისი თქმით, შედეგი დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, თუ რა კანონმდებლობას მიიღებს აზერბაიჯანი.
საქმე ისაა, რომ აზერბაიჯანში კაზინოს საქმიანობა ლეგალური გახდა. შესაბამის კანონში ინიციირებული ცვლილებები მილი მეჯლისმა მესამე, დასკვნითი მოსმენით მიიღო. დოკუმენტის მიხედვით, კაზინოების მოწყობა მხოლოდ კასპიის ზღვაში, ხელოვნურ კუნძულებზე იქნება შესაძლებელი. აზერბაიჯანელი პარლამენტარების განცხადებით, სათამაშო ბიზნესი საბიუჯეტო შემოსავლებს გაზრდის, განავითარებს ტურიზმს და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს.
"საქართველო რეგიონში წამყვანია, თუმცა ბოლო სამი წლის ცვლილებებიდან გამომდინარე, საკმაოდ ბევრი პრობლემა შეექმნა განსაკუთრებით მიწის კაზინოებს. პირველი ის, რომ გატანის საკომისიო მიუღებელია ბევრი უცხოელი მოთამაშისთვის და ურჩევნიათ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში ჩავიდნენ და იქ მიიღონ ეს სერვისი. აზერბაიჯანი თუ მიიღებს სწორ კანონმდებლობას და სწორი მიმართულებით წაიყვანს აზარტული თამაშების განვითარებას, ვფიქრობ, მიწის ობიექტებს 5-10%-მდე მოაკლდებათ ის შემოსავალი, რასაც აზერბაიჯანელი მოქალაქეებისგან იღებდა”, - აცხადებს Bm.ge-სთან ინტერვიუში მამულაიშვილი.
მისივე თქმით, აზერბაიჯანის გადაწყვეტილების გავლენა მხოლოდ მიწის კაზინოებზე იქნება, რადგან ონლაინ სათამაშო საიტებისგან განსხვავებით, აზერბაიჯანის მოქალაქეები საქართველოში მიწის კაზინოების აქტიური მომხმარებლები არიან.
“მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანში აკრძალულია აზარტული თამაშები, აზერბაიჯანის მოქალაქეების 55-65% ჩართულები არიან თამაშებში. იმის გამო, რომ მათ ქვეყანაში აკრძალულია ეს სერვისი, ახლო მეზობელ ქვეყნებში იღებენ, საქართველოში, ყაზახეთში, უზბეკეთში და ა.შ. ამიტომ კარგი კონტრიბუტორია ბიზნესისთვის აზერბაიჯანელი მოთამაშეები. თუმცა თუ რეგიონის სხვა ქვეყნებს შევადარებთ, დანახარჯებში მათი წილი 5-10%-ია", - ამბობს ის.
საქართველოში სათამაშო ინდუსტრიის შემოსავლებიც მზარდია. საქსტატს ამ დროისთვის 2023 წლის მონაცემები აქვს გამოქვეყნებული, რომლის მიხედვითაც აზარტული თამაშების კომპანიების ბრუნვა 64 მილიარდ ლარამდეა გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან ბრუნვის მოცულობა განისაზღვრება ყოველ ჯერზე დადებული ფსონების ჯამით.
სექტორში ჯამში 12 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული. რაც შეეხება ეკონომიკაში მის ზომას, აზარტული თამაშები ხელოვნება, გართობა, დასვენების სექტორში შედის და მთავარი წილი უჭირავს. სექტორის ზომა გასულ 2024 წელს 3.3 მილიარდი ლარი იყო. საქართველოს მშპ-ის ზომა კი 92 მილიარდი ლარი იყო. შესაბამისად ამ სექტორზე მშპ-ის 3.5% მოდის. უშუალოდ აზარტული თამაშები აქედან დაახლოებით 3%-ია.
ბოლო წლებში მთავრობამ აზარტული თამაშების ინდუსტრიას ბევრი შეზღუდვა დაუწესა. სახელმწიფომ ასწია მოთამაშეთა ასაკი 18-დან 25 წლამდე, საჯარო სამსახურში დასაქმებულ და სოციალურად დაუცველ პირებს კი თამაშის უფლება სრულად აუკრძალა. სხვა ბიზნესისგან განსხვავებით ამ ინდუსტრიაში ფაქტობრივად მოგების ნაცვლად შემოსავალი იბეგრება. ანუ იბეგრება მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებებს შორის სხვაობა (Gross Gaming Revenue). GGR როგორც მას უწოდებენ ნიშნავს აზარტული თამაშებით მიღებულ მოგებას მინუს გამარჯვებულ მოთამაშეებზე გაცემული თანხა.




























