„თუ ბიზნესი „მწვანე ბარათის“ დანერგვას თავისი ინიციატივით დაიწყებს, მათ მეტი თავისუფლება უნდა მიეცეთ“, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ BM.GE-ის შეკითხვას, რომელიც უწყებათშორისი საბჭოს მიერ დღეს კვების ობიექტებისთვის ოპერირების 1 საათით, 23:00 საათამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილებას შეეხებოდა.
BM.GE-მ ამირან გამყრელიძეს ჰკითხა, იმ პირობებში, როდესაც რესტორნები ოპერირების საათების სრულად მოხსნას ითხოვდნენ და შეზღუდვის მხოლოდ ერთი საათით შემსუბუქება მიიღეს, ჩაერთვებიან თუ არა ბიზნეს სუბიექტები „მწვანე ბარათის“ ამოქმედების ინიციატივაში, რაზეც NCDC-ის ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ ეს ინიციატივა თავად ბიზნესის მხრიდან მოდიოდა.
„მწვანე ზონებში“ ჩართვის ინიციატივა ბევრი ბიზნესისგან მოდის და ამას მხოლოდ მივესალმებით. დიდ ხანს მოგვიწევს ცხოვრება კოვიდვირუსთან ერთად და აუცილებლი იქნება გარკვეული რეგულაციების დაცვა. მათ შორის ყველაზე აპრობირებული "მწვანე პასპორტების" სისტემა გახლავთ. კარგია, რომ ბევრი ბიზნესი ამას თავისი ინიციატივით ნერგავს ანუ რესტორანში თუ კაფეში შესვლისას სტუმარს სთხოვენ სრულად აცრის ან ნეგატიური PCR/სწრაფი ტესტის პასუხის ან ბოლო 6 თვის განმავლობაში covid-ის გადატანის დამადასტურებელ ცნობას - ამას 3G-ის პრინციპს ეძახიან და ამათგან ერთს მაინც თუ აკმაყოფილებენ სტუმრები, ისინი ამა თუ იმ დაწესებულებაში დაიშვებიან. თუ ბიზნესი ამას თავისი ინიციატივით დაიწყებს, მათ მეტი თავისუფლება და მეტი სტიმული უნდა მიეცეთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ, თუმცა იქვე დასძინა, რომ ამ ეტაპზე საბჭომ ოპერირების 1 საათით გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.
შეგახსენებთ, რომ რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, კვების ობიექტები საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დარგში მოქმედი კომპანიებისთვის ოპერირების საათების შეზღუდვის სრულად მოხსნას, „მწვანე ზონის“ ინიციატივაში ჩართვის სანაცვლოდ მოითხოვდნენ. აღნიშნული მოთხოვნა მათ შრომის ინსპექციის ხელმძღვანელთან შეხვედრისას წამოაყენეს, რა დროსაც მათ ბექა ფერაძემ ობიექტებში „მწვანე ბარათის“ მოქმედების პირობები და CovidPass აპლიკაციის გამოყენების წესები გააცნო.