მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ ბიზნესისგან მოთხოვნა არაა, პროფესიულ პროგრამაზე მიღებას არ ვაცხადებთ - „სპექტრი“

63dbd42298ac8
თელარა გელანტია
02.02.23 23:00
623
პროფესიული კოლეჯის „სპექტრის“ დირექტორის მათე ტაკიძის განცხადებით, პროფესიული განათლების როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი პროგრამები ბიზნესთან კოორდინაციით მზადდება. ამის შესახებ მათე ტაკიძემ BMGTV-ის გადაცემა #რედაქტ2-თან ინტერვიუში სამუშაო ძალის დეფიციტის დაძლევაში პროფესიული განათლების როლზე საუბრისას განაცხადა.

„პრობლემა მანამ იარსებებს, სანამ ბიზნესი და პროფესიული განათლების სექტორი ერთ ენაზე საუბარს ვერ მოვახერხებთ, სანამ ბიზნესი არ ჩაერთვება პროფესიული განათლების ნებისმიერი მოდელის შემუშავებაში და ერთმანეთთან თუ არ შევათანხმებთ, ვის ელოდება ბიზნესი და რა პროფესიის ადამიანებს ვამზადებთ. „სპექტრის“ მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ თუ ბიზნესისგან მოთხოვნა არაა, პროფესიულ პროგრამაზე მიღებას არ ვაცხადებთ. „სპექტრში“ 24 მოკლევადიანი და 22 გრძელვადიანი პროგრამა გვაქვს და ჯერ ბიზნესთან გავდივართ ვალიდაციას და შემდეგ - სახელმწიფოსთან. ბიზნესის გარეშე პროგრამებს არ ვაკეთებთ“, - განაცხადა მათე ტაკიძემ და დასძინა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, დამსაქმებლებმა და პროფესიულმა სასწავლებლებმა კოორდინირებულად უნდა ითანამშრომლონ.

#რედაქტ2-ის კითხვაზე - „სად გაქრა სამუშაო ძალა?“, მან ორი ფაქტორი დაასახელა: მოქალაქეების საზღვარგარეთ გადინება და პროფესიული განათლების პროგრამების შესახებ ინფორმირების დაბალი დონე.

„მთავარ პრობლემად ინფორმირებულობის დაბალი დონე მიმაჩნია და ეს გამოწვევა ყველამ ერთად უნდა დავძლიოთ - დიდია მედიის როლიც. ასევე ბიზნესმა უნდა იაქტიუროს და ყველა პროფესიულ კოლეჯში დააკაკუნოს, ყველგან კარს გაუღებენ, რადგან მზად არიან თანამშრომლობისთვის. ბიზნესს კადრი არ მოეწონება, თუ თვითონ არ ჩაერთვება ამ პროცესში და სულ იქნება საუბარი იმაზე, რომ კადრებს ეძებენ, მაგრამ ვერ პოულობენ“, - აღნიშნა მათე ტაკიძემ.

მისივე თქმით, ყოველწლიურად, „სპექტრს“ შეუძლია, მიიღოს 1200 აპლიკანტი გრძელვადიან პროფესიულ პროგრამებზე და 2000 - გადამზადების მოკლევადიან კურსებზე. „პროფესიული განათლების ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ მოკლე დროში შეგიძლია დაეუფლო პროფესიას და დასაქმდე“, - აღნიშნა მათე ტაკიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები