მიკროსაფინანსო ასოციაციაში აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს სექტორის საკრედიტო პორტფელის სწრაფი ზრდის ტემპი ქვეყანაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების პროდუქტებზე, მათ შორის სალომბარდე სესხებზე გაზრდილ მოთხოვნას უკავშირდება.
როგორც ასოციაციის თავმჯდომარემ “საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, თუკი გასულ პერიოდში სექტორის პორტფელი დაახლოებით 15%-ით იზრდებოდა, წელს 9 თვეში ზრდის ტემპმა თითქმის 30% შეადგინა.
“წელს მიკროსაფინანსო სექტორში მნიშვნელოვნად დაჩქარებული ზრდის ტემპი გვაქვს, თუ მანამდე ბოლო 5 წელიწადში მიკროსაფინანსო სექტორი დაახლოებით 15%-ით იზრდებოდა, წელს ნამდვილად გაორმაგებული ზრდის ტემპი გვაქვს. ზრდა კიდევ უფრო მაღალი იყო პირველ-მეორე კვარტალში. მესამე კვარტალში 9 თვის მონაცემებით დაახლოებით 27%-ით იზრდება პორტფელი და ნამდვილად ეს განსხვავებული სურათია წინა წლებთან მიმართებით. გამომწვევი ფაქტორები არის ის, რომ მოთხოვნა სხვადასხვა ტიპის პროდუქტებზე მაღალია. ყველაზე სწრაფი ზრდის ტემპით წელს ოქროს ლომბარდი ხასიათდებოდა და პრინციპში ეს არის მანიშნებელი ინდიკატორი იმისა, რომ ამ პროდუქტებზე მოთხოვნა ქვეყანაში არის მზარდი და საკმაოდ მაღალი”, - განაცხადა ნინო დევდარიანმა.
ამასთან, ასოციაციაში გაუმჯობესებულ მოგებიანობის მაჩვენებელს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საოპერაციო ეფექტიანობის ზრდით ხსნიან.
“რაც შეეხება მოგებიანობას, მოგებიანობაც ნამდვილად გაუმჯობესებულია წელს. წინა წლებში კაპიტალზე დაახლოებით 17-18 პროცენტიანი უკუგებით ოპერირებდა მიკროსაფინანსო სექტორი და საბანკო სექტორს ჩამორჩებოდა ამ მიმართულებით. იმიტომ რომ საბანკო სექტორის საშუალო მოგებიანობა, იგივე მონაცემი რომ შევადაროთ დაახლოებით 25% იყო ბოლო წლებში. წელს ფაქტობრივად მიკროსაფინანსო სექტორი დაეწია საბანკო სექტორს მოგებიანობის მიმართულებით. ამის გამომწვევი მიზეზი ისაა, რომ საკმაოდ მნიშვნელოვნად გაიზარდა წელს პორტფელი და, რა თქმა უნდა, რაც უფრო დიდია შემოსავლის მომტანი აქტივების ოდენობა, მით მეტია შემოსავლები. ერთის მხრივ, ეს ფაქტორი არის, თუმცა ასევე უნდა აღინიშნოს დადებითი ფაქტორები იმ მიმართულებით, რომ ხარჯვითი ნაწილი სექტორში უფრო ნელა გაიზარდა, ვიდრე წინა წლებში იზრდებოდა და მიკროსაფინანსო სექტორში გარკვეულწილად სახეზე გვაქვს ეფექტურობის გაუმჯობესების ტენდენციაც. კერძოდ, ერთეული სესხის გაცემის საოპერაციო დანახარჯები შემცირებულია დაახლოებით საშუალოდ 11%-დან 9%-მდე, რაც ასევე უწყობს მოგებიანობის გაუმჯობესებას ხელს”, - განაცხადა ნინო დევდარიანმა.
ცნობისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წმინდა მოგებამ 2026 წლის ცხრა თვეში 172.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიურად 57.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ამავე პერიოდში სექტორის საკრედიტო პორტფელი 27.4%-ით, 2.26 მლრდ ლარამდე გაიზარდა. მიკროსაფინანსო სექტორის ზრდის ძირითად წყაროდ ლომბარდული დაკრედიტება რჩება. 2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, ოქროთი და სხვა ძვირფასი ლითონებით უზრუნველყოფილი სესხების მოცულობა 1.62 მლრდ ლარს შეადგენდა, რაც მთლიანი საკრედიტო პორტფელის დაახლოებით 71.8%-ია. თავად ლომბარდული სესხების ჯამური მოცულობა კი 1.77 მლრდ ლარი იყო, წლიური ზრდა კი 29.75%-ს შეადგენდა. ლომბარდული სესხები მთლიანი პორტფელის 78.8%-ს იკავებდა.
























